მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
კვირა
2017-05-28
7:48 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ქადაგებები [192]
ვიდეო ლექციები [55]
დოკუმენტური [109]
ვიდეო გალერეა [463]
საგალობლები [58]
ფილმები [40]
თესალონიკის ქართული მრევლი [10]
ოსიპოვი-осипов [118]
თეოდორე გიგნაძე [82]
ედიშერ ჭელიძე [36]
აკაკი მინდიაშვილი [24]
ბიბლია გადმოსაწერი სრული ვერსია [1]
პატრიარქის ქადაგებანი [44]
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1075

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1510
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » ფაილები » ქადაგებები

ნათლისღება.პატრიარქის ქადაგება 19.01.2011
2011-01-19, 10:04 PM
ნათლისღება
პატრიარქის ქადაგება
19.01.2011



დღეს ნათლისღების დღესასწაულია - 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საპატრიარქო ტაძარში დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღავლინა. კათოლიკოს პატრიარქმა წირვის მიწურულს სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა. წმინდა წყლის მიღება ადამიანს მთელი წლის განმავლობაში შეუძლია. ნათლისღების საუფლო დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელი განსაკუთრებული სიხარულით ზეიმობს. უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა

ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე
წმიდისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსისა

ვიტყვით რასმე ამჟამინდელ დღესასწაულზე. ბევრი დღესასწაულებს აღნიშნავენ და მათი სახელწოდებანიც იციან, მაგრამ არ უწყიან რა მიზეზის გამო არიან ისინი დაწესებული. ასე მაგალითად ის, რომ დღევანდელი დღესასწაული ღვთისგანცხადებად იწოდება, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ როგორი ღვთისგანცხადებაა იგი და ერთია თუ ორი, ეს არ იციან. სირცხვილია, ყოველ წელს დღესასწაულობდე და არ იცოდე დაწესების საბაბი.

ამიტომაც უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ითქვას, რომ ღვთისგანცხადება ერთი კი არ არის, არამედ ორი: ერთი ამჟამინდელი, რომელიც უკვე აღსრულდა, ხოლო მეორე კი მომავალი, რომელიც დიდებით აღსრულდება ქვეყნიერების დასასრულს. ერთზეც და მეორეზეც დღეს პავლესაგან გესმათ, რომელიც საუბრობს რა ტიტესთან, ამგვრად იტყვის აწინდელზე: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღვრებელად ჩუენდა, რაჲთა უარვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის-თქმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდით ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" (ტიტ. 2,11-13).1X წინასწარმეტყველმაც ამ უკანასკნელზე თქვა: „მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი" (იოველი 3,4). რისთვისაა, რომ ღვთის განცხადებად იწოდება არა ის დღე, როდესაც უფალი იშვა, არამედ დღე, როდესაც მან ნათელ-იღო? დღე დღევანდელი სწორედ იგია, როდესაც მან ნათელ-იღო და წყლის ბუნება აკურთხა. სწორედ ამიტომაც ამ დღესასწაულზე ყველა წყალს აღმოივსებს თავისთვის და მიაქვს სახლში და ინახავენ მთელი წლის განმავლობაში, რამეთუ ამ დღეს წყლები იკურთხევა; და ხდება აშკარა ნიშ-სასწაული: დროთა განმავლობაში ეს წყალი თავის არსებაში არ ფუჭდება, არამედ დღეს აღმოვსებული მთელი წელი, ხშირად კი ორი და სამი წელიც კი გაუხრწნელი და ახალთ-ახალი რჩება და მრავალი ხნის შემდეგაც არაფრით ჩამოუვარდება წყაროდან სულ ახლახანს ამოვსებულ წყალს. რის გამო იწოდება ღვთისგანცხადებად ეს დღე? იმის გამო, რომ ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელს-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: „თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ" (იოანე 1,26). და განა გასაკვირია, რომ ხალხი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? „მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი" (იოანე 1,33). მაშ ასე, აქედან სჩანს, რომ - ორია ნათლის-ღება, ხოლო ქრისტე რისთვის მოვალს ნათლის-ღებად და რომელ ნათლის-ღებად, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას: რამეთუ ესეც აუცილებელია ვიცოდეთ, ისევე როგორც ის. და ჯერ-არს თქვენს სიყვარულს წინასწარ ვუთხრა ამ უკანასკნელზე: რამეთუ აქედან შევიტყობთ პირველზეც. იყო ნათლის-ღება იუდაური, რომელიც სხეულებრივ არაწმინდებას განწმენდდა, მაგრამ არა სინდისის ცოდვებს. ასე მაგალითად, როდესაც ვინმე იმრუშებდა, ან ქურდობას ხელს მიჰყოფდა, ანდა რომელსამე სხვა ცოდვას ჩაიდენდა, ამის მოქმედს იგი დანაშაულისაგან არ ანთავისუფლებდა. ხოლო ვინც მიცვალებულის ნეშტს შეეხებოდა, ვინც სჯულით აკრძალულ საჭმელს იხმევდა, ვინც გადამდები სნეულების მქონესთან იქონიებდა ურთიერთობას, ვინაც კეთროვანს ეზიარებოდა, იგი განიბანებოდა და საღამომდე იყო არაწმინდა, ხოლო შემდეგ განიწმინდებოდა. „წყალში განიბანოს, - ნათქვამია წმ. წერილში, - და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება" (ლევიანნი, 15,5; 22,4). ყველაფერი ეს ნამდვილად ცოდვა და არაწმინდება როდი იყო, მაგრამ რამდენადაც იუდეველები სრულყოფილნი არ ყოფილან, ამდენად ღმერთი მათ ამ გზით უფრო ღვთისმოსავთ ხდიდა, დასაწყისშივე უფრო მნიშვნელოვანის უზუსტესად აღსრულებას აჩვევდა.

მაშასადამე იუდაური განბანვა ცოდვებისაგან კი არ ანთავისუფლებდა, არამედ მხოლოდ სხეულებრივი არაწმინდებისაგან. ამგვარი როდია ჩვენი :იგი შეუდარებლად მაღლა დგას, უდიდესი მადლით აღსავსეა, რამეთუ ცოდვისაგან ანთავისუფლებს, განწმენდს სულს და მოსცემს სული წმიდის ნიჭს. იოანესეული ნათლობაც იუდაურზე ბევრად მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იგი თითქოსდა ხიდი იყო ორ ნათლისღებას შორის, თავით თვისით პირველი უკანასკნელთან რომ მიჰყავდა; ვინაიდან იოანე სხეულებრივი განწმენდით კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ მის ნაცვლად შეაგონებდა და ურჩევდა მანკიერებათა დატოვებით სათნოებებს მიახლებოდნენ და ცხონების იმედი კეთილ საქმეთა აღსრულებაში ჰგულვებოდათ და არა წყლით მრავლგვარ განბანვასა და განწმენდაში. იოანე არ ამბობდა: განრეცხე სამოსელი შენი, განბანე სხეული შენი, და იქნები წმინდა, არამედ რას? „გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სისნანულისა" (მათე 3,8). ამიტომაც იგი იუდაურზე მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იოანესეული ნათლის-ღება არ ანიჭებდა სული წმიდას და არ მოჰქონდა მადლიანი შენდობა: იგი მცნებად უსახავდა შეენანათ, მაგრამ ხელმწიფება არ გააჩნდა ცოდვები მიეტევებინა. სწორედ ამიტომაც იტყოდა იოანე: მე წყლით გნათლავთ... ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი... მოგნათლავთ სული წმიდით და ცეცხლით" (მათე 3,11). აშკარაა, რომ იგი (იოანე) სულით არ ნათლავდა. რაღას ნიშნავს: „სული წმიდით და ცეცხლით"? მოიგონე დღე იგი, როდესაც მოციქულებს „მოევლინათ ალივით გაყოფილი ენები, რომლებიც დაეფინა თითოეულ მათგანს" (მოც. საქმე 2,3). ხოლო იოანეს ნათლობა რომ სული წმიდასა და ცოდვათა მიტევებას არ ანიჭებდა, სჩანს შემდეგიდან: პავლე „შეხვდა ზოგიერთ მოწაფეს, და უთხრა მათ: მიიღეთ კია სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? ხოლო მათ უთხრეს: არც გაგვიგია, არის თუ არა სული წმიდა. უთხრა მათ პავლემ: იოანე ნათელ-სცემდა სინანულის ნათლისცემით", - სინანულისა, მაგრამ არა ცოდვათა მიტევებისა; მაგრამ რიღასთვის ნათელ-სცემდა? „ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესუ ქრისტე. ეს რომ გაიგონეს ნათელ-იღეს უფლის იესუს სახელით. და დაასხა მათ ხელი პავლემ, და გადმოვიდა მათზე სული წმიდა" (მოც. საქმე 19,1-6). ხედავ, რამდენად არასრულყოფილი იყო იოანესეული ნათლის-ღება? ვინაიდან, თუკი ის არ იქნებოდა არასრუყოფილი, მაშინ პავლე ხელახლა არ მონათლავდა, და ხელებს არ დაასხამდა მათ; აღასრულა რა ერთიცა და მეორეც აჩვენა სამოციქულო ნათლის-ღების უპირატესობა და ის, რომ იოანესეული ნათლის-ღება ბევრად უფრო დაბლა იდგა. მაშ ასე, აქედან ჩვენ შევიტყვეთ განსხვავება ნათლის-ღებათა შორის; ახლა კი აუცილებელია ვთქვათ, რად მოინათლა ქრისტე და რომელი ნათლის-ღებით? არც უწინდელით - იუდაურით, არც გვიანდელით - ჩვენით; რამეთუ არ საჭიროებდა იგი ცოდვათა მიტევებას; როგორაა ეს მისთვის შესაძლებელი, ვისაც არანაირი ცოდვა არ გააჩნდა? „არ შეუცოდავს, - ნათქვამია წმ. წერილში, - არ დასჩენია ზაკვა მის ბაგეს" (1 პეტრესი 2,22). და კიდევ: „რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვაში?" (იოანესი 8,46). და ხორცნი მისი უზიარებელი როდი იყო სული წმიდას, რომელიც დასაწყისშივე სული წმიდით იყო წარმოქმნილი? და რაკიღა ხორცნი მისი უზიარებელი არ იყო სული წმიდას და თვითონაც არ ექვემდებარებოდა ცოდვას, მაშ რიღასთვის მოინათლა? მაგრამ მანამდე უნდა გავიგოთ თუ როგორი ნათლისღ-ღებით მოინათლა იგი, რის შემდეგ გასაგები გახდება ისიც. როგორიღა ნათლის-ღებით მოინათლა იგი? - არც იუდაურით, არც ჩვენით, არამედ იოანესი. რისთვის? იმისთვის, რომ თვით ნათლობის ხასიათიდან შეიცნო, რომ იგი ცოდვის მიზეზით არ ინათლებოდა და სული წმიდის ნიჭსაც არ საჭიროებდა; რამეთუ როგორც ჩვენ ვაჩვენეთ, ეს ნათლი-ღება შორს იდგა როგორც ერთისგან, ისე მეორისგან. აქედან ჩანს, რომ იგი იორდანესთან არც ცოდვათა მიტევებისათვის მოდის და არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად. მაგრამ იქ მყოფთაგან ზოგიერთს რომ არ ეფიქრა, სხვებსავით სინანულისთვის მოდისო, მოისმინეთ, იოანემ როგორ გაითვალისწინა ესეც. მაშინ, როცა სხვებს ეუბნებოდა: „გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა", ისმინეთ, რას ეუბნება იგი მაცხოვარს: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხან ჩემთან" (მათესი 3,8,14); ამ სიტყვებით მან აჩვენა, რომ ქრისტეც იმავე საჭიროებისთვის არ მოდის მასთან, რისთვისაც ხალხი და რომ ნათლის-ღების საჭიროებისაგან იგი იმდენადვე შორს იდგა, რამდენადაც თვით ნათლისმცემელზე შეუდარებლად წმინდა და მაღლა მდგომი იყო. მაშ, რიღასთვის მოინათლა იგი თუკი მან ეს არ მოიმოქმედა არც სინანულისთვის, არც ცოდვათა მისატევებლად, არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად? სხვა ორი მიზეზის გამო, რომელთაგანაც ერთზე მოწაფე ამბობს, ხოლოს მეორეზე კი თვით ეტყვის იოანეს. ამ ნათლის-ღების რომელი მიზეზი გამოთქვა იოანემ? ის, რომ ქრისტე ცნობილი გამხდარიყო ხალხისთვის, როგორადაც პავლეც იტყვის: „იოანე ნათელს-ცემდა სინანულის ნათლის-ცემით... რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი (მოც. საქმე 19,4); ეს იყო ნათლის-ღების შედეგი. თუ იოანე თითოელი მათგანის სახლთან მივიდოდა და კართან დამდგარი შინიდან გარეთ გამოიხმობდა და ქრისტეს ხელჩაჭიდებული იტყოდა: „ესაა ძე ღვთისა", მაშინ ასეთი მოწმობა საეჭვო იქნებოდა და საქმე ესე ფრიად საძნელო; და თუ სინაგოგაში შეიყვანდა ქრისტეს და იქ დაამოწმებდა, მისი დამოწმება აქაც ეჭვს გამოიწვევდა; მაგრამ როდესაც ხალხთა სიმრავლე იორდანესაკენ მოისწრაფოდა და მის ნაპირებზე იდგა და როცა თვით მაცხოვარიც მოვიდა ნათლის-ღებისთვის და დამოწმება ზეგარდმო ზეციური მამისაგან მიიღო ხმით და სული წმიდის გარდამოსვლით ტრედის სახით, მაშინ მასზე იოანეს მოწმობა უეჭველი გახდა. ამიტომაც იტყვის იგი: „მე არ ვიცნობდი მას", რითაც თავის დამოწმებას უტყაურს ხდის (იოან. 1,31). ისინი ხორციელი ნათესავები იყვნენ: „და აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო", ეტყოდა მარიამს ანგელოსი იოანეს დედაზე (ლუკა 1,36); თუკი დედები იყვნენ ნათესაობაში ერთმანეთთან, ცხადია, - შვილებიც. ამიტომ რამდენადაც ისინი ნათესავები იყვნენ, ისე რომ არ გამოჩენილიყო, თითქოს იოანე ნათესაობის გამო მოწმობს ქრისტეზე, სული წმიდის მადლმა ისე მოაწყო, რომ იოანემ მთელი თავისი წარსული ცხოვრება უდაბნოში გაატარა, ვისმეს რომ არ ეფიქრა, მისი მოწმობა მეგობრობიდან ან რომელიმე მსგავსი მიზეზიდან მომდინარეობსო. იოანემ კი იმგვარად ამცნო მასზე, როგორც ღვთისგან იყო დასწავებული; ამიტომაც იტყვის იგი: „მე არ ვიცნობდი მას". როგორღა იცანი? „ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლისცემად, მითხრა". რა გითხრა მან? „ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი" (იოანე 1,33). ხომ ხედავ, რომ სული წმიდა მასზე ისე როდი გარდამოვიდა, როგორც პირველი გარდამოსვლისას მასზე, არამედ მის მიერ ქადაგებულზე, თითქოს თითით, ყველას მიუთითა, თავისი მოფენისას. ამა მიზეზის გამო მოვიდა ნათლის-ღებაზე. იყო სხვა მიზეზიც, რაზე თავადაც იტყვის; რომელი სახელდობრ? როდესაც იოანემ უთხრა: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?" იესუმ ასე მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" (მათე 3,14-15). ხედავ თვინიერებას მონისა? ხედავ სიმდაბლეს მეუფისა? რაღას ნიშნავს: „აღვასრულოთ ყოველი სიმართლე?" სიმართლედ იწოდება ყოველი მცნების აღსრულება, როგორც თქმულ-არს: „ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე, და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს" (ლუკა 1,6). იმდენად, რამდენადაც ამ სიმართლეს უკლებლივ ყველა ადამიანი უნდა ასრულებდეს, მაგრამ არავინ დაიცვა იგი, ამიტომაც მოვალს ქრისტე და აღსრულებს ამ სიმართლეს.

კი მაგრამ რა სიმართლეა იმაში, იკითხავს ზოგიერთი, რომ მოინათლო? წინაწარმეტყველისადმი დამორჩილება იყო სიმართლე. ქრისტემ როგორადაც წინადაიცვითა, შესწირა მსხვერპლი, იცავდა შაბათს და მისდევდა იუდაურ დღესასწაულებს, იმგვარადვე მიამატა ესეც, დაემორჩილა ნათლისმცემელ წინასწარმეტყველს. ღვთის ნება იყო, რომ მაშინ ყველა მონათლულიყო, რაზედაც ყური მიუგდე იოანეს: „ჩემმა მამვლინებელმა წყლით ნათლის-ცემად" (იოანე 1,33); ასევე ქრისტეც: „მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ-იღეს იოანეს ნათლის-ცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან" (ლუკა 7,29-30). მაშასადამე, თუ ღვთისადმი დამორჩილება წარმოადგენს სიმართლეს, ხოლო ღმერთმა კი იოანე წარმოგზავნა, რათა ხალხი მოენათლა, ქრისტემ ყველა სხვა მცნებასთან ერთად ესეც აღასრულა. დავუშვათ, რომ სჯულის მცნებები ორასი დინარია; ეს ვალია, რომელიც ჩვენმა მოდგმამ უნდა გადაიხადოს; მაგრამ ჩვენ ვალი არ გადავიხადეთ და ასეთ დანაშაულში ჩავარდნილები, მოგვიცვა სიკვდილმა. მოვიდა ქრისტე და რა გვნახა სიკვდილით შეპყრობილები, გამოგვიხსნა ვალისაგან, ყველა, ვისაც არ შეგვეძლო გადახდა. ამიტომ მას არ უთქვამს: „ჩვენ გვმართებს ეს და ეს მოვიმოქმედოთ", არამედ „აღვასრულოთ ყოველი სიმართლე". „მე, მეუფეს მქონებელსა, - ამბობს ის, - ჯერ-მიჩნს გადავიხადო მათთვის, ვინც არმქონეა". ასეთია მისი ნათლის-ღების მიზეზი, რათა ყველამ ნახოს, რომ მან აღასრულა მთელი სხული; და ეს მიზეზიცაა იმისა, რაზედაც ამაზე უწინ ითქვა. ამიტომაც გარდამოვიდა სული სახედ ტრედისა; რამეთუ, სადაც - ღმერთთან შერიგებაა, იქვეა ტრედიც. ასევე ნოეს კიდობანში ტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო - ნიშანი ღვთის კაცთმოყვარებისა და წარღვნის შეწყვეტისა, და ამჯერადაც სახედ ტრედისა, და არა სხეულში, - ეს განსაკუთრებულად უნდა შევნიშნოთ - გარდამოხდა სული წმიდა, ამცნობდა რა ღვთის წყალობას ქვეყნიერებას და ამასთან აჩვენებდა, რომ სულიერი ადამიანი უბოროტო, უბრალო და უმწიკვლო უნდა იყოს, როგორც ქრისტეც იტყვის: „თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (მათე 18,3). მაგრამ ის კიდობანი წარღვნის შემდგომ მიწაზე დარჩა, ეს კიდობანი კი მას შემდეგ რაც რისხვა შეწყდა, ცადაა აღყვანებული, და ამჟამადაც ეს უბიწო და უხრწნელი სხეული ჰგიეს მარჯვენით მამისა.

ვახსენე რა უფლის სხეული, მცირეოდენს ამაზეც ვიტყვი, ხოლო მერმე კი საუბარს განვასრულებ. დღეს დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი მიეახლება წმ. ტრაპეზს. მაგრამ ბევრი მიეახლება თრთოლვისა და კრძალვის გარეშე, სხვისთვის მუჯლუგუნების რტყმით, მრისხანება მორეული, ყვირილით, წყევით, მოყვასის წყენით, დიდი აღშფოთებით... რითი ხარ, მითხარ მე, ადამიანო აღშფოთებული? რას მოუგვრია მოუსვენრობა? რა თქმა უნდა, აუცილებელი საქმეები მოგიხმობს შენ; ამ წუთში შენ განსაკუთრებულად გრძნობ, რომ საქმეები გაქვს, განსაკუთრებით გახსოვს,რომ მიწაზე ხარ და ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა? მაგრამ განა გაქვავებულ გულს არ სჩვევია იფიქროს, რომ ასეთ დროს შენ მიწაზე დგახარ და არ ზეიმობ ანგელოსებთან, რომლებთან ერთადაც ძლევის გალობას აღუვლენ ღმერთს? ამადაც გვიწოდა ქრისტემ არწივები, სთქვა რა: „სადაც ეგდება მძორი, იქვე შეგროვდებიან არწივნი" (მათე 24,28), - რათა ჩვენ ზეცად აღვიწეოდეთ, მაღლა-მაღლა ვფრენდეთ, ამაღლებულნი ჩვენი სულის ფრთებით; ხოლო ჩვენ კი გველებივით ქვე-მძრომობთ მტვერში და მიწასა ვლოშნით. სადილზე მიწვეული, რომც დანაყრდე, მეგობრებზე ადრე მაინც ვერ ბედავ წამოხვიდე, ვიდრე ისინი ტრაპეზს უსხედან; აქ კი, როცა ჯერ ისევ გრძელდება მღვდელმოქმედება, შუა წირვაში ყველაფერს ტოვებ და გარეთ გამოდიხარ? შენდობას იმსახურებს ამგვარი საქციელი? რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ამას? იუდა, ეზიარა რა უკანასკნელ სერობაზე იმ ბოლო ღამეს, აჩქარებით გამოვიდა, მაშინ როცა დანარჩენები ჯერეც ინახით ისხდნენ. აი, ვის ბაძავენ ისინი, ვინც სამადლობელ ლოცვებამდე გამოდიან (ტაძრიდან)! ის რომ არ გამოსულიყო, მიმცემელი არ შეიქმნებოდა; თანამოწაფენი რომ არ დაეტოვებინა, მაშინ არ დაიღუპებოდა; სამწყსოს რომ არ განშორებოდა, მგელიც არ მოინადირებდა და არ შთანთქავდა; მწყემმს რომ არ განცალკევებოდა, ნადირიც ვერ მოიტაცებდა. ამიტომაც ის (იუდა) იუდეველებთან იყო, ხოლო ესენი (მოციქულები) უფალთან ერთად გამოვიდნენ, მმადლობელნი. ხედავ განა, მსხვერპლშეწირვის შემდეგ თურმე რის მიხედვით აღესრულება უკანასკნელი ლოცვა? წარმოვიდგინოთ ეს, საყვარელნო, ვიფიქროთ ამაზე, შევუშინდეთ ამისთვის მოსალოდნელ განკითხვას. მოვუხდეთ წმიდა მსხვერპლს უდიდესი კეთილწესიერებით, შესაფერისი კეთილმოკრძალებით, რათა ღვთისაგან უფრო მეტი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, განვიწმინდოთ სული ჩვენი და მივიღოთ საუკუნო სიკეთე, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლისა თანა შვენის დიდება და ხელმწიფება მამასა, სული წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კატეგორია: ქადაგებები | დაამატა: delmar | ტეგები: ნათლისღება, პატრიარქის ქადაგება
ნანახია: 438 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები











საიტს მართავს სისტემა uCoz