მთავარი ჩემი პროფილი რეგისტრაცია გამოსვლა შესვლა
მოგესალმები სტუმარი
სამშაბათი
2024-03-19
9:36 AM
ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ
მართლმადიდებლური ვიდეო პორტალი
п  р  а  в  о  с  л  а  в  и  е

საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
გიჭირთ იყოთ ქრისტიანი?
სულ პასუხი: 1085

საიტის შეფასება
სულ პასუხი: 1518
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა





        

მთავარი » 2011 » აგვისტო » 1 » ნეტარი ავგუსტინე აღსარებანი
6:22 PM
ნეტარი ავგუსტინე აღსარებანი

1. ამ ცხრა წლის მანძილზე, ჩემი ცხოვრების მეცხრამეტედან ოცდამერვე
წლამდე, ან სხვები მაცთუნებდნენ, ან მე თვითონ ვაცთუნებდი სხვებს; ხან
ვტყუვდებოდი, ხანაც, ჩემი სხვადასხვა მიდრეკილებებისამებრ, იქით ვატყუებდი
ხალხს: საჯაროდ - იმით, რომ ეგრეთწოდებულ „თავისუფალ მეცნიერებებს" [1] ვასწავლიდი, ფარულად [2]
კი - რელიგიის ყალბი სახელით; გარეგნულად - ქედმაღალი, შინაგანად -
ცრურწმენით სავსე, და მთელის არსებით - ამაოების მსხვერპლი. ერთის მხრივ,
სახელის მოხვეჭის ფუჭი სურვილით ანთებულს მეამაყებოდა, როცა ტაშს
მიკრავდნენ თეატრში, მელექსეთა შეჯიბრში გამარჯვებულს, და
ბალახ-ბულახისაგან დაწნული გვირგვინით მამკობდნენ, მეორეს მხრივ კი უაზრო
სანახაობებით, თავაშვებულობითა და აღვირახსნილობით ვტკბებოდი. ზოგჯერ,
მთელი ამ სიბილწისგან განწმენდის მიზნით, ხორაგს ვეზიდებოდი ეგრეთწოდებულ
„რჩეულთა" და „წმიდანთათვის" [3], რომელნიც შემდეგ თავიანთი
უძღები სტომაქის სახელოსნოში ჩემს მიერ მირთმეული ძღვენისგან ღმერთბსა და
ანგელოზებს ამზადებდნენ ჩვენდა სახსნელად [4]. მე ვიყავი მთელი
ამ უაზრობის გულმხურვალე აღმსარებელი, და მხარს მიმშვენებდნენ მეგობრები,
ჩემთან ერთად თუ ჩემი მეშვეობით ცთუნებულნი.

დაე, საცინად ამიგდოს
ყველა მზვაობარმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაგიმხია და დაგითრგუნავს, ღმერთო
ჩემო, მათდა სახსნელად; მე მაინც მინდა აღსარება გითხრა შენდა სადიდებლად
და ჩემი სირცხვილი ვაღიარო. მოწყალება მოიღე და შეაძლებინე ჩემს
წარმოსახვას ხელახლა დაიაროს ჩემი ოდინდელი ცთომილების მრუდე და კლაკნილი
გზები, და „მსხვერპლად შემოგწიროს ქება-დიდება" [5]. რა ვარ
უშენოდ, თუ არა მეგზური, უფსკრულისაკენ რომ მიუძღვის საკუთარ თავს? ან რა
ვარ, როდესაც მილხინს, თუ არა ჩვილი, შენს რძეს რომ ეწაფება [6] და შენი უხრწნელი საზრდოთი საზრდოობს? [7]
ანდა რა არის კაცი, რომელიც გნებავს კაცი, რაკიღა მხოლოდ კაცია? დაე,
დაგვცინოდნენ ძლიერნი და მორჭმულნი ამა სოფლისანი: ჩვენ კი, უპოვარნი და
უბადრუკნი, აღსარებას გეტყვით შენ.

 

II

2. იმხანად მჭევრმეტყველებას ვასწავლიდი [8]
და საკუთარი სიხარბით ძლეული სარფიანად ვყიდდი ლაყბობის ძლევამოსილ
ხელოვნებას. მე მერჩია, - შენ ხომ იცი, უფალო, - „კარგი" შეგირდები
მყოლოდა, იმ გაგებით, რა გაგებითაც მათ ესადაგება ზედსართავი სახელი
„კარგი", და უზაკველად ვასწავლიდი ზაკვას, მაგრამ იმ მიზნით კი არა, რომ
უმანკონი ეცთუნებინათ, არამედ რათა ხანდახან მაინც გამოეხსნათ მანკიერნი.
შენ კი შორიდან ადევნებდი თვალს, ღმერთო ჩემო, წამდაუწუმ რომ მისხლტებოა
ფეხი ამ მოლიპულ გზაზე და ძლივს ვიკავებდი თავს; გარს შემომდგარ კვამლში
ოდნავ შესამჩნევად ბჟუტავდა ჩემი პატიოსნება [9], რომელსაც გაკვეთილებზე უშურველად ვუზიარებდი ამაოების მოყვარეთ და სიცრუის მაძიებლებს [10], თავად მათი თანამოაზრე და მეგობარი.

იმხანადვე
ერთ ქალთან ვცხოვრობდი, რომელთანაც ცოლ-ქმრული კავშირი არ მაერთებდა,
არამედ ურცხვი და აღვირახსნილი ვნება. თუმცა ქალი მარტოხელა იყო, და მე
თვითონ არ სარეცლის მიმართაც კი ვინარჩუნებდი ერთგულებას [11].
სწორედ მაშინ საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რა განასხვავებს მშვისა და
აუმღვრეველ ცოლქმრულ ცხოვრებას, რომლის მიზანიც გვარის გაგრძელებაა,
ვნებიანი სასიყვარულო კავშირისაგან, როცა თვით ახალი სიცოცხლეც კი
მშობლების უნებურად ჩნდება, თუმცა ახალშობილი მაინც გაყვარებს თავს.

3. ისიც მახსოვს, რომ ერთხელ გადავწყვიტე დრამატულ პოეტთა შეჯიბრში ჩავბმულიყავი. ერთმა ჰარუსპექსმა [12]
კაცი მაახლა საკითხავად, რამდენს გადამიხდი, რომ გაგამარჯვებინოო? მე
მივუგე, ეს უკეთური გრძნეულება იმდენად საძულველია ჩემთვის, რმო თუნდაც
უხრწნელი ოქროს გვირგვინი მელოდეს ჯილდოდ, ჩემი გამარჯვებისთვის ბუზსაც
არავის მოვაკვლევინებ-მეთქი. ჰარუსპექსი კი ცხოველების დაკვლას აპირებდა [13],
რომ მსხვერპლად შეეწირა დემონებისათვის, რათა მათი გული მოეგო და ჩემს
მიმართ კეთილმოსურნედ განეწყო ისინი. მაგრამ თუ ამ ბოროტებას წინ აღვუდექი,
იმიტომ კი არა, რომ თაყვანს ვცემდი შენს სიწმინდეს, ღმერთო, ჩემი გულის
ნათელო; რადგანაც მე არ შემეძლო შენი სიყვარული, მხოლოდ სხეულებრივი
სინათლის სახით რომ წარმომედგინე. განა ამნაირ გამონაგონს დახარბებული სული
„შენგან განშორებით არ ეძლევა გარყვნილებას?" [14] განა სიცრუე არა სწამს და „წყალს არ ნაყავს?" [15]
მე, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, რომ ჩემს გამო მსხვერპლი შეეწირათ
დემონებისთვის, რომლებსაც თვითონვე ვწირავდი მსხვერპლად საკუთარ თავს. ანდა
რას ნიშნავს „წყლის ნაყვა", თუ არა ამ ბოროტი სულების დარწყულებას, ცვენი
ცთომილებით რომ ხარობენ და ჩვენი ცოდვებით იქცევენ თავს?

 

III

4. თუმცა მე კვლავ ვეთათბირებოდი იმ თვალთმაქცებს, „მათემატიკოსებს" [16]
რომ ეძახიან; ვეთათბირებოდი, რადგანაც ვხედავდი, რომ არც მსხვერპლს
სწირავდნენ და არც ლოცვებს აღავლენდნენ ამა თუ იმ სულის მიმართ, რათა
მისნობისას მწედ და მეოხად ჰყოლოდათ იგი. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტად
ქრისტიანული ღვთისმოსაობა ჰგმობს და სავსებით სამართლიანად უარყოფს მათ
საქმიანობას.

მხოლოდ შენ უნდა გეუბნებოდეთ აღსარებას, უფალო, მხოლოდ
შენ უნდა გავედრებდეთ თავს: „შემიწყალე და განკურნე ჩემი სული, რადგანაც
გცოდე" [17]. ბროოტად არ უნდა ვიყენებდეთ შენს მოწყალებას, რათა
ხელახლა ვცოდოთ, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს უფლის სიტყვები: „აჰა,
განიკურნე, ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს" [18].

ისინი
ხომ ცდილობდენ ძირშივე ჩაკლან ეს მაცოცხლებელი შეგონება, როცა ამბობენ:
„ზეცამ ისე ინება, რომ უთუოდ უნდა სცოდო"; ანდა: „ეს ვენერას საქმეა, ან
სატურნის, ანდა მარსისა". მაშასადამე, თუ კაცს, რომელიც სხვა არა არის რა,
თუ არა ხორცი, სისხლი და ქედმაღალი ხრწნილება, ვერავითარ ბრალს ვერ
მივაწერთ, მაშინ ბრალი თვითონ შემოქმედს, ცისა და ციურ მნათობთა გამრიგეს
ედება. მაგრამ ვინაა შემოქმედი, თუ არა შენ, უფალო ჩვენო, სამართლიანობის
უშრეტო და უტკბესო წყაროვ, რომელიც „მისი საქმისამებრ მიაგებ თვითეულს და
ურვილისა და თვინიერის გულს არ მოიძულებ" [19].

5. იმხანადვე გავიცანი ერთი კაცი, დიდად გამჭრიახი, თავის საქმეში გაწაფული და დახელოვნებული ექიმი [20].
დრამატულ პოეტთა ასპარეზობაში რომ გავიმარჯვე, მაშინ ის პროკონსული იყო და
თავისი ხელით დამადგა გვირგვინი ამ სნეულ თავზე: ასე რომ, პროკონსულობისა
რა მოგახსენოთ და, როგორც ექიმმა, ამ შემთხვევაში ბევრით ვერაფრით ისახელა
თავი. ამნაირი სნეულების მკურნალი მხოლოდ შენა ხარ, უფალო, რომელიც
„ჰმუსრავ ქედმაღალთ, ხოლო მდაბალთ მადლს ანიჭებ" [21]. განა ამ ბერიკაცის მეშვეობით არ შემეწიე? და განა ხელი აიღე ჩემი სულის მკურნალობაზე?

მე
ძალიან დავუახლოვდი ექიმს და მისი მუდმივი და გულითადი თანამოსაუბრე
გავხდი. ზიზილ-პიპილებით არ ამკობდა სათქმელს, მაგრამ აზრის სიცხადითა და
დარბაისლური მეტყველებით გხიბლავდათ. როცა გაიგო, რომ ერთავად ასტროლოგიურ
წიგნებს [22] ჩავკირკიტებდი, მამაშვილურად მირჩია, ხელი ამერო
მათზე და ამ სისულელისათვის არ შემეილა ჩემი ძალა, რომელიც შეიძლებოდა
გაცილებით უფრო სასარგებლო საქმისათვის გამომეყენებინა. მან მიამბო, რომ
ოდესღაც თურმე თვითონაც სწავლობდა ამ მეცნიერებას, და ყმაწვილკაცობაში
იმასაც კი აპირებდა, რომ თავის ხელობად სწორედ ასტროლოგია აერჩია. მაგრამ
განა ჰიპოკრატეს [23] გამგებს ამ წიგნების გაგება გაუჭირდებოდა?
მალე ზურგი აქცია მათ და მედიცინის შესწავლას მიჰყო ხელი, რადგანაც
თვალნათლივ დარწმუნდა ასტროლოგთა სრულ სიყალბეში: როგორც ღირსეულ კაცს
შეშვენის, არ მოინდომა სიცრუით მოეპოვებინა ლუკმა პური. „შენც შეგიძლია -
დასძინა მან, - რიტორიკით ირჩინო თავი; შენ კი ნებაყოფლობით ჩაჰკირკიტებ ამ
სისულელეს, და არა გაჭირვების გამო; მით უფრო მეტად უნდა ერწმუნო ჩემს
სიტყვებს, რადგან მე თვითონაც ვცდილობდი ისე საფუძვლიანად შემესწავლა
ასტროლოგია, რომ ჩემს ერთადერთ ხელობად მექცია იგი". მე ვკითხე, რა უნდა
იყოს იმის მიზეზი, რომ ასტროლოგთა ბევრი წინასწარმეტვყელება ბოლოს მაინც
მართლდება-მეთქი? ის შეეცადა შეძლებისდაგვარად დაეკმაყოფილებინა ჩემი
ცნობისმოყვარეობა და ასე მომიგო: ეგ მხოლოდ შემთხვევითობის შედეგად ხდება,
გამუდმებით რომ მოქმედებს ბუნებაში. პოეტის წიგნი რომ აიღო და ალალბედზე
გადაშალო სამკითხაოდ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორი მხოლოდ თავის
საკუთარ თემას ავითარებდა და საკუთარ მიზანს ისახავდა, - ზოგჯერ შეიძლება
იმნაირ სტრიქონს წააწყდე, გამაოგნებელი სიზუსტით რომ შეესატყვისება შენთვის
საინტერესო საკითხს. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ ადამიანის სული, ამა თუ იმ
უჩვეულო ინსტინტქის ძალით, ქვეშეცნეულად და ანგარიშმიუცემლად, სწორ პასუხს
გასცემს შემკითხველს.

6. აი, რა მამცნე ამ ბერიკაცის პირითა და მისი
მაგალითით. ჩემს მეხსიერებაში აღიბეჭდა პირველი მონახაზი იმისა, რაც უფრო
გვიან მე თვითონ უნდა მეძებნა. მაშინ კი ვერც მან და ვერც ჩემმა ძვირფასმა
ნებრიდიუსმა, ღირსეულმა და კეთილშობილმა ჭაბუკმა, სასაცილოდაც რომ არ
ჰყოფნიდა ამნაირი წინასწარმეტყველებანი, - ვერ შესძლეს ჩემი დარწმუნება და
ვერც ასტროლოგიურ წიგნებზე ამაღებინეს ხელი, რადგნაც ჩემზე მათი ავტორების
ავტორიტეტი უფრო მოქმედებდა, და ვერც ჩემი კვლევა-ძიებით მივაკვლიე ვერცერთ
სარწმუნო საბუთს, რომელიც ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დამიდასტურებდა,
რომ მოცემულ კითხვაზე ასტროლოგების ყოველი ზუსტი პასუხი შემთხვევითობით თუ
ბედისწერითაა ნაკარნახევი, და არა ვარსკვლავებზე დაკვირვებით.

 

IV

7.
ჩემს მშობლიურ ქალაქში მასწავლებლობის დაწყებისას ერთი მეგობარი შევიძინე,
რომელთანაც ინტერესების ერთობამ დამაახლოვა. ჩემი კბილა იყო და ჩემსავით
ახლად შეღერებული ჭაბუკი. სიყმაწვილითვე თანშეზრდილები ვიყავით; ერთად
დავდიოდით სკოლაში და ერთად ვთამაშობდით. მაგრამ მაშინ ჩემი მეგობარი არ
ყოფილა, თუმცა ჩვენს ურთიერთობას ვერც შემდეგ დავარქმევდით ჭეშმარიტ
მეგობრობას, რადგანაც ჭეშმარიტია მხოლოდ ის ძმური კავშირი, შენ რომ
ამყარებ, უფალო, კაცთა შორის, რომელნიც გემსჭვალვიან „სიყვარულით, ჩვენს
გულებში რომ ჩაღვრილა სული წმიდის მიერ, რომელიც შენვე მოგვეცი" [24].
და მაინც ეს მეგობრობა, განმტკიცებული იმის წყალობით, რომ ორივენი
გულმხურვალედ მიველტვოდით ცოდნას, უძვირფასესი და უტკბესი იყო ჩვენთვის. მე
ის ჭეშმარიტი რწმენის გზას ავაცდინე, რწმენისა, რომელიც ჯერ კიდევ
მთლიანად ვერ დაუფლებოდა უმწიფარი ჭაბუკის გულს, - რათა ცრურწმენის
საბედისწერო უფსკრულში გადამეჩეხა, რომელშიაც მე თვითონ ვიყავი დანთქმული,
რის გამოც მწარედ დამტიროდა დედაჩემი. ჩვენი სულები მხარდამხარ
მიისწრაფოდნენ ცთომილების გზით, და უერთმანეთოდ აღარ შეეძლოთ გაძლება.

მაგრამ შენ, რომელიც ფეხდაფეხ მისდევ ყველას, ვინც გაგირების, „შურისგების ღმერთო" [25]
და გულმოწყალების უშრეტო წყაროვ, რათა უკანვე დაგვიბრუნო
გონებამიუწვდომელი გზებით, - სწორედ მაშინ განაშორე საწუთროს იგი, როცა
ჩვენს მეგობრობას ის-ის იყო ერთი წელი უსრულდებოდა, წელი, რომელიც ყველაზე
ბედნიერი იყო ჩემს იმდროინდელ ცხოვრებაში.

8. თუ მოიძებნება კაცი, რომელსაც შეუძლია „აღნუსხოს შენი ქება" [26] იმ სიკეთისათვის, რაც მხოლოდ მისთვის გიყვია? რა მოიმოქმედე მაშინ, ღმერთო ჩემო? რარიგ გონებამიუწვდომელია შენი განგების უფსკრული! [27]
ციებ-ცხელებით გატანჯული ჩემი მეგობარი დიდხანს უგონოდ იწვა და ჭირის ოფლი
სდიოდა. რაკი მისი გამოჯანმრთელების იმედი გადაუწყდათ, ასე ცნობამიხდილი
მონათლეს [28]. ამისათვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია,
რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მის სულში, უმალ, ის ჩარჩებოდა, რაც
ჩემგან გაეგო, ვიდრე ის, რაც მის ცნობამიხდილ სხეულს დამართეს. მაგრამ
ყველაფერი პირიქით მოხდა. ის მომჯობინდა და სააქაოსაკენ იბრუნა პირი.
როგორც კი გონს მოეგო, მაშინვე გამოველაპარაკე: ჩვენ კვლავ განუყრელნი
ვიყავით, რადგანაც მის სასთუმალს არ მოვცილებივარ. მე დავაპირე
გავსაუბრებოდი, რადგანაც მეგონა, რომ ჩემთან ერთად აიგდებდა მასხრად თავის
ნათლობას [29], უგრძნობელმა და ცნობამიხდილმა რომ მიიღო (უკვე
იცოდა, რომ მოენათლათ). მაგრამ მან, როგორც დაუძინებელ მტერს,
შეძრწუნებულმა მაქცია ზურგი და, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, უჩვეულო
სისასტიკით მომიგო, თუ კვლავაც ჩემთან მეგობრობას აპირებ, ეგ აღარ
გამაგონოო. შემცბარმა და გაოგნებულმა როგორც იქნა მოვთოკე ჩემი გრძნობები
და გადავწყვიტე მანამდე აღარ გამეცა თავი, ვიდრე საბოლოოდ არ მოიკეთებდა.
მაგრამ შენმა განგებამ არ დამაცალა ჩემი შლეგური განზარხვის ასრულება:
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მის გვერდით აღარ ვიყავი, ციებამ კვლავ დარია
ხელი და ჩემი საბრალო მეგობარი გარდაიცვალა; მე წამართვი, რათა, ჩემდა
სანუგეშოდ, შენს გვერდით მიგეცინა მისთვის საუკუნო სამყოფელი.

9. რა საშინელმა მწუხარებამ მოიცვა ჩემი გული! [30] საითაც უნდა გამეხედა, ყველგან მხოლოდ სიკვდილს ვხედავდი [31].
მშობლიური ქალაქი წამების დილეგად მექცა, მამისეული სახლი - დაუსრულებელი
გლოვის სავანედ. ყველაფერი, რაც მასთან მაკავშირებდა, უმისოდ სხვა არა იყო
რა, თუ არა აუტანელი ტანჯვის სათავე. ჩემი თვალები ყველგან მეგობარს
ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ მე შევიძულე ყველაფერი, რადგან ის არსად ჩანდა, და
ვერც ვერვინ მეტყოდა - მალე მოვაო, როგორც მის სიცოცხლეში მეუბნებოდნენ,
როცა ჩემთან არ იყო. ჩემი თავისთვისვე ამოუხსნელ ამოცანად ვიქეცი, და ჩემს
სულს ვეკითხებოდი, რატომა ხარ ასე მწუხარე, ან მე რად მაწამებ-მეთქი? [32] მაგრამ ის პასუხად დუმდა. თუ ვურჩევდი, ღმერთის იმედი ჰქონოდა [33],
ის არ მემორჩილებოდა და ცამდე მართალიც იყო, რადგანაც ჩემთვის სამუდამოდ
დაკარგული მეგობარი ათასწილ უფრო უკეთესად და უფრო ნამდვილად მიაჩნდა,
ვიდრე ის ფანტასმა, იმედად რომ ვუსახავდი ჩემსავე სულს [34]. მხოლოდ ცრემლის ღვრა მანიჭებდა შვებას; სწორედ მან დაიკავა დაკარგული მეგობრის ადგილი ჩემს გულში და მის ერთადერთ სიამედ იქცა.

 

V

10.
ახლა კი ყოველივე ეს, უფალო, წარსულს ჩაბარდა; დრომ პირი შეუკრა და
მოაშუშა ჩემი ჭრილობა. შეიძლება თუ არა დღეს მაინც გავიგო შენგან, რომელიც
ხარ ჭეშმარიტება, დიახ, შეიძლება თუ არა გულისყური მივაპყრო შენს ბაგეებს
და მოვისმინო, რატომაა ტირლი ერთადერთი შვება უბედურთათვის? [35]
განა შენ, ყველგან მყოფი, ხელაღებით იცილებ თავიდან ჩვენს უბედურებას?
მართალია, როცა ამქვეყნიური განსაცდელით შეჭირვებულნი მბორგავი ტალღებივით
გაწყდებით და გეხეთქებით ყოველი მხრიდან, შენ კვლავ შენსავე თავში ხარ
მშვიდად და აუმღვრევლად დავანებული, მაგრამ ჩვენი ტირილი რომ ვერ აღწევდეს
ჩენს ყურს, იმედის ნატამალიც აღარ შეგვრჩებოდა. რატომაა, რომ ცხოვრებისეული
სიმწრის ხეზე მოცახცახე ხელითა ვკრეფთ კვნესის, გმინვის, ვაი-ვიშისა და
მოთქმა-გოდების ტკბილ ნაყოფს? თუ სიტკბოება ისაა, რომ იმედი გვაქვს, იქნებ
შეისმინო ჩვენი ვედრება? ეს ნამდვილად ასეა ლოცვისას, რასაც საფუძვლად
უდევს შენსკენ ლტოლვისა და შენამდე მოღწევის დაუოკებელი სურვილი. მაგრამ
იგივე ითქმის თუ არა ძვირფასი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ
სიმძიმილზედაც, კერძოდ, ჩემს მაშინდელ მწუხარებაზე? განა იმის იმედი
მქონდა, რომ გაცოცხლდებოდა? არა, ამას როდის მოვითხოვდი ჩემი ცრემლებით:
მხოლოდ გვმინავდი და ვგოდებდი, რადგანაც მეჩვენებოდა, რომ მეგობართან ერთად
სამუდამოდ დავკარგე სიხარულის განცდის უნარიც. ან იქნებ ტირილი, რომელიც
თავისთავად მწარეა, მხოლოდ იმიტომ გვეჩვენება სიტკბოებად, რომ მოგვბეზრდა
ის, რითაც აქამდე ვტკბებოდით, და ახლა მხოლოდ ზიზღს თუ აღგვიძრავს?

 

VI

11.
მაგრამ რას მივედ-მოვედები? ახლა კითხვების დრო კი არ არის, არამედ
აღსარების თქმისა. მე უბედური ვიყავი; უბედურია ყოველი სული, რომელიც
სიყვარულით ემსჭვალვის იმას, რაც მოკვდავია; რადგანაც ამ უკანასკნელის
დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა [36]. სწორედ მაშინ
გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო
მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაჰკარგავდა.

ასეთი იყო
იმხანად ჩემი სულიერი მდგომარეობა. მწარედ ვტიროდი და მხოლოდ ეს სიმწარე
მანუგეშებდა. ხომ ასე უბედური ვიყავი, მაგრამ, ეტყობა, ჩემს ძვირფას
მეგობარს მაინც ეს უბედური სიცოცხლე მერჩია. მე, რა თქმა უნდა, ვისურვებდი
მის შეცვლას, მაგრამ არა დაკარგვას, როგორც დავკარგე ჩემი მეგობარი. არ
ვიცი, შევძლებდი თუ არა მისი გულისთვის თავის გაწირვას, ორესტესა და
პილადეს [37] მსგავსად (თუკი მათი ამბავი მოგონილიარ არის),
რომლებიც მზად იყვნენ ერთად დახოცილიყვნენ ერთიმეორის გულისთვის, რადგანაც
უერთმანეთოდ სიცოცხლე სიკვდილზე უარესად მიაჩნდათ. ჩემში კი სრულად
საპირისპირო გრძნობამ იჩინა თავი. საშინლად მძულდა სიცოცხლე, მაგრამ
არანაკლებ მეშინოდა სიკვდილისა. მე მგონია, რაც უფრო მეტად მიყვარდა ჩემი
მეგობარი, მით უფრო მეტად ვუფრთხოდი სიკვდილს, რომელმაც მისი თავი
წამართვა; ვუფრთხოდი, როგორც მოსისხლე მტერს: ვაითუ ყველას ერთად მოუსვას
თავისი ცელი, როგორც ის მოცელა-მეთქი.

მახსოვს, რა შავ დღეშიც
ვიყავი. აი, ჩემი გული, უფალო: კარგად ჩახედე და დაინახავ, რომ ყველაფერი
მშვენივრად მახსოვს, სასოებავ და ნუგეშო ჩემო, ამნაირ გრძნობათა
მწვირისაგან რომ მწმენდ, შენსკენ მიმართავ ჩემს მზერას და „მახეში გაბმულ
ფეხს მითავისუფლებ" [38].

მიკვირდა, რომ დანარჩენი
მოკვდავნი ისევ ცოცხლობდნენ, მაშინ როდესაც მკვდარი იყო ის, ვინც ისე ძლიერ
მიყვარდა, რომ თითქოს არ შეიძლებოდა მომკვდარიყო. უფრო მეტად მიკვირდა,
რომ მე, მისი მეორე „მე" ცოცხალი ვიყავი, ის კი აღარ იყო ამ ქვეყნად.
ვიღაცას კარგად უთქვამს თავის მეგობარზე: „ნახევარი ჩემი სულისა" [39]. მეც ვგრძნობდი, რომ ჩემი სული და მისი სული ორი სული იყო ერთ სხეულში [40],
და სიცოცხლე თავზრსა მცემდა: არა, არ მინდოდა ნახევარი სიცოცხლით
მეცოცხლა. იქნებ იმიტომაც მეშინოდა სიკვდილისა, რომ მთლიანად არ
მომკვდარიყო ის, ვინც ასე ძლიერ მიყვარდა.

 

VII

12.
ო, შლეგი, რომელსაც არ შეუძლია უყვარდეს ადამიანი, როგორც შეჰფერის
ადამიანს! ბრიყვი, რომელიც დრტვინავს ადამიანის ხვედრის გამო! აი, როგორი
ვიყავი მაშინ: ვბორგავდი, ვგმინავდი, მოვთქვამდი, ჩემს თავს აღარ
ვეკუთვნოდი, მოსვენებას ვერსად ვპოულობდი და ვერც აზრებს ვუყრიდი ტავს.
ყველგან თან დავათრევდი ჩემს დაფლეთილ-დასისხლიანებულ სულს და აღარ ვიცოდი,
სად მეპოვა მისთვის მყუდრო სავანე. მომხიბლავი ჭალაკები, სიმღერები,
ცეკვა-თამაში, ვნებათაღელვით წალეკილი სარეცელი, თავბრუდამხვევი სურნელებით
სავსე ბაღები, თავაწყვეტილი ღრეობები, წიგნების კითხვა და ლექსები, -
ვერაფერი ვერ ანიჭებდა სიმშვიდეს. ყველაფერი აძრწუნებდა, თვით დღის
სინათლეც; რაც ჩემს მეგობარს არ აგონებდა, საზიზღარი და აუტანელი იყო
მისთვის. მხოლოდ გმინვა და მოთქმა-გოდება, - აი, მისი ერთადერთი ნუგეში.
მაგრამ საკმარისი იყო სულს ეს ნუგეშიც მოჰკლებოდა, რომ მაშინვე მძიმე
ლოდივით მაწვებოდა და გასრესით მემუქრებოდა ჩემივე უბედურება.

მხოლოდ შენთვის უნდა შემევედრებინა სული, უფალო [41],
მხოლოდ შენ შეგეძლო მისი მკურნალობა. ცოდნით კი ვიცოდი ეს, მაგრამ არ
მინდოდა და არც შემეძლო შენ მეხმე მწედ და მეოხად, რადგანაც, ჩემი
წარმოდგენით, სიმყარისა თუ ურყევობის არა გეცხო რა. ეს იმიტომ, რომ შენ კი
არა, ფუჭი ფანტასმა და ჩემი ცთომილება იყო ჩემი ღმერთი [42].
როცა ვცდილობდი ამ აჩრდილზე ჩამომესვენებინა ჩემი სული, ეს უკანასკნელი
მაშინვე სიცარიელეში ვარდებოდა და ხელახლა მემხობოდა თავზე, მთელი თავისი
სიმძიმით და სიმძიმილით; ასე რომ, კვლავ იმად ვრჩებოდი, რაც ვიყავი: წყეული
და შეჩვენებული ადგილი, სადაც არ დამედგომებოდა და ვერც ვერსად
გავიქცეოდი. ან კი სად უნდა გაქცეოდა ჩემი გული ჩემსავე გულს? სად უნდა
გავქცეოდი ჩემსავე თავს? ან როგორ დამეხსნა თავი ჩემივე საკუთარი
თავისაგან?

და მაინც, მე გავიქეცი ჩემი მშობლიური ქალაქიდან,
რადგანაც ჩემი თვალები ნაკლებად დაიწყებდნენ მის ძებნას იქ, სადაც არასოდეს
ეხილათ იგი; და მე თავასტიდან კართაგენში გადავბარგდი [43].

 

VIII

13.
დრო უკვალოდ როდი ქრება და არც ფუჭად მიედინება, ისე, რომ არავითარ
ზემოქმედებას არ ახდენდეს ჩვენს გრძნობებზე: არა, ის უცნაური ნამოქმედარით
ავსებს ჩვენს სულს.

დღეები დღეებს მისდევდნენ; დღევანდელ დღეს
ხვალინდელი დღე ცვლიდა; ისინი ჩემში მიედინებოდნენ და ახალ იმედებსა და
მოგონებებს მიტოვებდნენ. ჩემს სულში ნელ-ნელა იღვიძებდა განცხრომის ძველი
ჩვეულება, ჩემი მწუხარება კი თანდათანობით უკან იხევდა და ადგილს უთმობდა
მას. სამაგიეროდ ახალმა მწუხარებამ, ან, უფრო სწორად, მწუხარების ახალმა
მიზეზმა იჩინა თავი. რა იყო იმის მიზეზი, რომ ძველმა მწუხარებამ ასე
ადვილად დამრია ხელი და ასე ღრმად განწონა ჩემი გული? მხოლოდ ის, რომ
ქვიშას ვაპკურე სული, რაკიღა ისე შევიყვარე მოკვდავი ადამიანი, თითქოს
არასოდეს ეწერა სიკვდილი [44].

მე კი ყველაზე მეტად
სწორედ ახალი მეგობრები მანუგეშებდნენ და კვლავინდებურად მიბრუნებდნენ
სიცოცხლის ხალისს; მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად იზიარებდნენ ყოველივე
იმის სიყვარულს, რაც შენს ნაცვლად მიყვარდა, ღმერთო. დიახ, ჩვენ ერთად
გვიყვარდა დაუსრულებელი ზღაპარი და უწყვეტი სიცრუე [45], „საამოდ რომ ელამუნებოდა ჩვენს სმენას" [46]
და თავისი უკეთურობით რყვნიდა ჩვენს სულს. ჩემი ერთ-ერრთი ახალი მეგობარიც
რომ მომკვდარიყო, ეს ზღაპარი მაინც არ მოკვდებოდა ჩემთვის.

ვინ
მოსთვლის, კიდევ რამდენი რამით მხიბლავდა ეს მეგობრული ურთიერთობა:
მხიარული საუბრები, სიცილ-ხარხარი, კეთილმოსურნეობა ერთურთის მიმართ,
ტკბილმოუბარი წიგნების ერთობლივი კითხვა, თავშექცევა და
ურთიერთპატივისცემა; შიგადაშიგ - უთანხმოებანიც, მსგავსი იმისა, ჩვენ
თვითონ რომ არ ვეთანხმებით ხოლმე საკუთარ თავს; უიშვიათესი უთანხმოება,
თავისებურ პეწს რომ ჰმატებს ხანგრძლივ თანხმობას და ერთსულოვნებას;
ურთიერთგანსწავლა, როცა მეგობრებს შორის თვითეული, ერთსა და იმავე დროს,
მოწაფეცა და მასწავლებელიც; შორს წასულთა სევდიანი მოლოდინი და სიხარული
უკანვე დაბრუნებულებთან შეხვედრისას. ურთიერთსიყვარულის ყველა ამნაირი
გამოვლინება, სახეზე რომ ახატია ადამიანს, სიტყვით მჟღავნდება და მზერაში
გამოსჭვივის, როგორც იმავე სიყვარულის ურიცხვი სხვა გამოხატულება, თითქოს
ის მოლაპლაპე ალია, რომელზედაც ხდება სულების ურთიერთშენდობა, რათა
მრავლისგან წარმოიქმნას ერთი.

 

IX

14. აი, რა
გვიყვარს მეგობრებში, და ისე ძალიან გვიყვარს, რომ ადამიანს დამნაშავე
ჰგონია თავი, თუ სიყვარულს სიყვარულითვე არ აძლევს პასუხს. მეგობრისაგან
მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვენ: კეთილმოსურნეობას. აქედან - მწუხარება
მეგობრის დაკარგვის გამო; ტანჯვის უსხივო ღამე; სიმწარედ ქცეული სიტკბოება
მდუღარე ცრემლებით წარღვნილსა და წალეკილ გულში; ცოცხალთა სიკვდილი, რაკიღა
ცოცხალნი აღარ არიან მკვდრები.

ნეტა მას, ვისაც უყვარხარ, ღმერთო;
ვისაც თავისი მეგობარი უყვარს შენში, მტერი კი - შენი გულისთვის. მხოლოდ ის
არ კარგავს არაფერს ძვირფასს, ვისთვისაც ყვლაფერი ძვირფასია მასში, ვინც
შეუძლებელია დაკარგო, მაგრამ ვინ არის ეს, თუ არა ღმერთი ჩვენი, ღმერთი,
რომელმაც „შეჰქმნა ცა და მიწა" [47] და თვითონვე ავსებს მათ [48],
რადგანაც სწორედ იმის წყალობით შექმნა, რომ თავისით აავსო ისინი. არავინ
არ გკარგავს, უფალო, გარდა იმისა, ვინც გტოვებს, თუმცა ვინც გტოვებს, სად
წავა, ან სად გაიქცევა, თუ არა შენი გულმოწყალებიდან შენივე რისხვისაკენ?
რადგანაც განა თავის სასჯელში არ ჰპოვებს შენს ურყევ კანონს? ხოლო „შენი
კანონი ჭეშმარიტებაა" [49], ჭეშმარიტება კი შენა ხარ თვითონ [50].

 

X

15. „ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გამოგვიბრწყინე შენი სახე და გადავრჩებით" [51].
საითაც უნდა მიიქცეს ადამიანის სული. ყველგან მწუხარებას აწყდება,
ყველგან, სადაც არა ხარ შენ; თვით მაშინაც კი, მშვენიერებასაც რომ
შეეყაროს, რა თქმა უნდა, მშვენიერებას შენს გარეშე და, მაშასადამე, თავისი
თავის გარეშეც. ეს მშვენიერი საგნებიც არარანი იქნებოდნენ, შენგან რომ არ
იღებდნენ დასაბამს. ისინი იბადებიან და კვდებიან. დაბადებისას, ასე ვთქვათ,
არსებობას იწყებენ, სრულ გაფურჩქვნამდე იზრდებიან, თანდათანობით ბერდებიან
და, ბოლოს, კვდებიან. ყველანი როდი აღწევენ სიბერეს, მაგრამ ყველას
გარდუვალი სიკვდილი ელის. ამრიგად, როცა იბადებიან და სიცოცხლეს
ეზიარებიან, რაც უფრო სწრაფად იზრდებიან და ხარბად მიელტვიან არსებობას,
მით უფრო სწრაფად უახლოვდებიან არარსებობის უფსკრულს. ესაა ზღვარი, რომელიც
შენ დაუწესე მათ ამქვეყნიურ ყოფნას, რადგანაც ისინი მხოლოდ მარადიული
მთელის წარმავალი ნაწილები არიან, რომლებიც ერთდროულად როდი არსებობენ;
არყოფნაში რომ გადადიან, ან ამ ქვეყანას ევლინებიან, და ამრიგად
ენაცვლებიან ერთმანეთს, ისინი ერთობლივად ქმნიან მთელ სამყაროულ დრამას,
რომელშიაც თვითეული მათგანი თავის საკუთარ როლს ასრულებს. ასე, ჩვენი
საუბარიც ცალკეული სიტყვებისაგან ითხზვის, და ის უწყვეტი მთლიანობა არ
იქნებოდა, ყოველი სიტყვა, წარმოთქმის შემდეგ, ადგილს რომ არ უთმობდეს
მეორეს.

დაე, გაქოს და გადიდოს ჩემმა სულმა [52] მთელი ამ მშვენიერებისათვის, „ღმერთო, ყოვლის შემოქმედო" [53],
მაგრამ ხორციელი სიყვარულის წებოთი კი ნუ მიეკვრის გრძნობად სამყაროს,
რომელიც კვლავ იქით მიდის, საითაც მიდიოდა - არყოფნის უფსკრულისაკენ, და
საბედისწერო სურვილთა სიმძაფრით ფლეთს ჩვენს საბრალო სულს, თვითონაც ხარბად
რომ მიელტვის არსებობას და სურს ჩამოისვენოს იმ საგნებზე, რომლებიც
უყვარს. მაგრამ ამ ქვეყნად ვერსად ჰპოვებ მოსვენებას, რადგანაც გრძნობადი
საგნები, რომლებისთვისაც უცხოა ყოველგვარი სიმყარე, განუწყვეტლივ მიჰქრიან
არყოფნისაკენ [54]. რომელ ხორციელ გრძნობას ხელეწიფება
კვალდაკვალ მისდიოს მათ? როგორ გინდა შეაკავო თვით ისიც კი, რაც ხელთ
გიპყრია? ზანტია ხორციელი გრძნობა, სწორედ იმიტომ, რომ სხვა არა არის რა,
თუ არა ხორციელი გრძნობა, და თვით თავისი ბუნებითაა ზღვარდებული. ის
საკმარისია მხოლოდ თავისი დანიშნულების აღსასრულებლად, მაგრამ სრულად
უკმარისია საიმისოდ, რომ შეაკავოს მსწრაფლწარმავალი საგნები, მათთვის
დასაზღვრული დასაბამიდან რომ მიჰქრიან გარდუვალი დასასრულისკენ. რადგანაც
შენი ღვთაებრივი სიტყვა, რომლის მეშვეობითაც შეჰქმენ ისინი, მათ გასაგონად
ბრძანებს: „აქედან - აქამდე".

 

XI

16. ნუ აჰყვები
ამაოებას, სულო ჩემო, ნუ დამიყრუებ გულისყურს მაგ შენი ფუჭი დგანდგარით.
უსმინე: თვით ღვთაებრივი სიტყვა გვეძახის და თავისკენ გიხმობს. აუმღვრეველი
სიმშვიდე სუფევს იქ, სადაც სიყვარული არ მიგატოვებს, თუკი შენ თვითონ არ
მიატოვებ მას. აჰა, ქმნილებები მიდიან, რათა ადგილი დაუთმონ ახალ
ქმნილებებს, და ყველანი ერთად თავიანთი მონაცვლეობით ქმნიან ესოდენ მყიფე
და არამყარ გრძნობად სამყაროს [55]. „მაგრამ განა მე შემიძლია
სადმე წავიდე?" - ბრძანებს ღვთაებრივი სიტყვა. მასში დაიმკვიდრე შენი
სავანე. მასვე მიანდე ყველაფერი, რაც გაბადია, ამდენი სიცრუით დაღლილო სულო
ჩემო. ჭეშმარიტებას მიანდე ყველაფერი, რაც ჭეშმარიტებისგანვე მიგიღია, და
შენ არაფერს დაკარგავ. რაც მიხრწნილია შენში, კვლავ თავის სინორჩეს
დაიბრუნებს; განიკურნება ყველა შენი იარა და სნეულება; ყვოელივე წარმავალი
აღორძინდება, განახლდება და კვლავ შეგერწყმის; აღარ წარგიტაცებს თავისი
დინებით უფსკრულისაკენ, არამედ სამუდამოდ შენში დარჩება, მარად უძრავი და
წარუვალი ღვთაების [56] გვერდით.

17. რად მისდევ, წრფელ
გზას აცდენილი, შენივე ხორცის ძახილს? დაე, თვითონ მან მოგსდიოს.
ყველაფერი, რასაც მისი მეშვეობით შეიგრძნობ, მხოლოდ უბადრუკი ნაწილია.
შენთვის უცნობი მთელი, რომელსაც ეკუთვნის ყველა ნაწილი, მაგრამ სწორედ ეს
უკანასკნელნი განიჭებენ სიხარულს. შენს ხორციელ გრძნობას რომ შეეძლოს
ერთობლივად მოიცვას მთელი [57], და, შენდა სავალალოდ, სავსებით
სამართლიანად არ იყოს ზღვარდებული მარტოოდენ ნაწილის წვდომით, - თვითონვე
ისურვებდი, რომ ყველაფერი, რაც კი არსებობს აწმყოში, დაუყოვნებლივ წარსულად
ქცეულიყო, რათა უკეთ დამტკბარიყავი მთელით. აკი ჩვენს სიტყვასაც ხორციელი
გრძნობით აღიქვამ, და, რა თქმა უნდა, იმას კი არ ისურვებდი, რომ ცალკეული
მარცვლები უძრავად გახევებულიყვნენ, არამედ - იმას, რომ სწრაფად შეეცვალათ
ერთიმეორე, რათა მთელი სიტყვა მოგესმინა. იგივე ითქმის ყველა ნაწილზედაც,
რომლებიც ერთ მთელს შეადგენენ, მაგრამ ერთდროულად როდი იღებენ დასაბამს
იმისაგან, რის ნაწილებადაც გვევლინებიან. მთელი გაცილებით უფრო მომხიბლავია
(თუ დავუშვებთ, რომ შეიძლება ერთობლივად აღვიქვათ იგი), ვიდრე მისი
შემადგენელი რომელიც გნებავთ ნაწილი. მაგრამ რამდენად უკეთესია თვით მთელის
შემოქმედი - უფალი ღმერთი ჩვენი; და ის არსადაც არ მიდის, რადგანაც
არაფერი არ ენაცვლება.

 

XII

18. თუ სხეულები მოგწონს,
აქე უფალი მათ გამო, და სიყვარულით მიიქეც იმის მიმართ, ვინც
არსებობისათვის გამოიწვია ისინი, რადგანაც თუ შენს არცევანს შეაჩერებ
იმაზე, რაც მოგწონს, ვაითუ დასაწუნი შეიქნე უფლის თვალში. ხოლო თუ სულები
მოგწონს, დაე, გიყვარდეს ისინი ღმერთში, რადგან სულებიც ცვალებადნი არიან
და სიმტკიცეს იძენენ მხოლოდ შემოქმედის წიაღში, რომლის გარეშეც მათაც იგივე
ბედი ელის: გადაგება და გარდასვლა. მაშ, გიყვარდეს ისინი ღმერთი, და მის
მიმართვე მიაქციე ყველა, ვისი მიქცევაც ძალგიძს; ასე უთხარი მათ:
„გვიყვარდეს იგი, რომელმაც შექმნა ყოველი, და რომელიც შორის როდის" [58];
არ გასცლია თავის ქმნილებებს: მისმიერნი მასშივე არიან. სად არის იგი?
სადაც გემოს უსინჯავენ ჭეშმარიტებას? ის ჩვენი გულის სიღრმეშია, მაგრამ
გული განეშორა მას. „დაუბრუნდით, განდგომილნო, გულს" [59] და
მიემთხვიეთ თქვენსაც შემოქმედს. დადექით მასთან და ურყევნი იქნებით.
დამშვიდდით მასში და ჰპოვებთ სიმშვიდეს. სად, რომელ ჯურღმულში მიძვრებით?
საით მიდიხართ? სიკეთე, რომელიც თქვენ გიყვართ, შემოქმედისაგან იღებს
დასაბამს, თუმცა ის მხოლოდ მასთან მიმართებითაა სანუკვარი და ტკბილი,
მაგრამ სიმწარედ იქცევა, და სავსებით სამართლიანადაც, რადგანაც
უსამართლობაა გიყვარდეს სიკეთე და ზურგს აქცევდე მის შემოქმედს. რატომ
დაეხეტებით ერთავად ძნელად სავალი და ნარეკლიანი გზებით? [60]
არ არის სიმშვიდე იქ, სადაც თქვენ ეძებთ. ეძებეთ, რასაც ეძებთ, მაგრამ იქ
როდია, სადაც ეძებთ. ბედნიერ სიცოცხლეს დაეძებთ სიკვდილის საუფლოში: ვინ
ჰპოვებს ბედნიერ სიცოცხლეს იქ, სადაც არ არის თვით სიცოცხლე?

19. ქვეყნად ჩამოვიდა ჩვენი სიცოცხლე [61]
და აიტაცა სიკვდილი ჩვენი, აიტაცა და თავისი სიცოცხლის სიჭარბით შემუსრა
იგი. და იგრგვინა ძახილმა მისმა, რათა მასვე დავბრუნებოდით, იმ საიდუმლო
ტაძარში, საიდანაც მოგვევლინა ქალწულის საშოს გამოვლით, სადაც მას შეერწყა
ადამიანური ბუნება, მოკვდავი ხორცი, რათა სამუდამოდ მოკვდავად არ
დარჩენილიყო, და „საიდანაც გამოვიდა, როგორც მეფე - საქორწინო გავალაკიდან,
გოლიათივით რომ შეჰხაროდა გარბენილ გზას" [62]. არ
შეყოვნებულა, პირდაპირ ჩვენ მოგვაშურა, მგრგვინავმა სიტყვით და საქმით,
სიცოცხლითა და სიკვდილით, ჯოჯოხეთს ჩასვლით და ამაღლებით, - მგრგვინავმა და
ჩვენმა მხმობელმა: დამიბრუნდითო. ის განეშორა ჩვენს თვალს, რათა ჩვენს
გულს დავბრუნებოდით და იქ გვეპოვა იგი. ის წავიდა, და კვლავ აქ არის; არ
ინება დიდხანს დარჩენილიყო ჩვენთან, მაგრამ არც მიგვატოვა. წავიდა იქ,
საიდანაც არასოდეს არსად წასულა, რადგანაც „ქვეყანა მის მიერ შეიქმნა" [63], და ის „ამ ქვეყნად იყო" [64], და „მოვიდა ამ ქვეყნად, რომ ეხსნა ცოდვილნი" [65]. სწორედ მას ეუბნება აღსარებას ჩემი სული, რათა „განიკურნოს მის მიერ, რადგანაც მის წინაშე სცოდა" [66].

„ძენო კაცისანო, რაოდემდე იქნება თქვენი გული დამძიმებული?" [67]
სიცოცხლე ჩამოვიდა თქვენთან, - ნუთუ არ გინდათ ამაღლდეთ და იცოცხლოთ?
მაგრამ სად ამაღლდებით, რაკიღა თქვენი ქედმაღლობით „ცამდე აგიღერიათ თავი?"
[68] ჩამოდით, რომ ამაღლდეთ და ღმერთამდე აღხდეთ [69]: თქვენ ხომ დაეცით, როცა აღსდექით მის წინააღმდეგ.

უთხარი ეს მათ, სულო ჩემო; დაე, ცრემლები აფრქვიონ „გლოვის ველზე" [70]. ღმერთამდე აღიტაცე ისინი, რადგანაც სული წმიდა შთაგვაგონებს ამ სიტყვებს, თუკი მათ მიმართ მეტყველი სიყვარულის სახმილით იწვი.

 

XIII

20.
მაშინ კი არ ვიცოდი ყვოელივე ეს, და მე ვტკბებოდი ამქვეყნიური
მშვენიერებით; უფსკრულისაკენ მივდიოდი და ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი: „განა
გიყვარს რაიმე, გარდა მშვენიერებისა? კი მაგრამ, რა არის მშვენიერება? რა
გვიზიდავს, ან რა გვხიბლავს იმაში, რაც გვიყვარს? მომნუსხველი და
მომაჯადოებელი რომ არა ჰქონდეს რა, ვერასდიდებით ვერ მიგვიზიდავდა". აი,
ამაზე ვფიქრობდი, და მე მივხვდი, რომ არსებობს, ერთის მხრივ, მშვენიერება,
რომელიც მთელის სრულქმნილებისაგან იღებს დასაბამს, მეორეს მხრივ კი -
შესაბამისობა, ანუ საგანთა შორის ჰარმონიული თანაფარდობა, როგორც ნაწილი
შეესაბამება და ესადაგება მთელს, როგორც ფეხსაცმელი ერგება ფეხს, და ასე
შემდეგ. ეს აზრები ერთბაშად მოზღვავდნენ ჩემს სულში და მე დავწერე
„მშვენიერისა და შესაბამისისათვის", რომელიც ორი თუ სამი წიგნისაგან
შედგებოდა; შენ იცი, ღმერთო, მე კი დამავიწყდა; თვითონ წიგნები აღარა
მაქვს. არ ვიცი, როგორ ან სად დავკარგე [71].

 

XIV

21. რამ შთამაგონა, უფალო ღმერთო ჩემო, რომაელი ორატორის ჰიერიუსისათვის [72] მიმეძღვნა
ჩემი წიგნი, თუმცა პირადად არც კი ვიცნობდი, მაგრამ აღფრთოვანებული ვიყავი
მისი, როგორც სწავლულის, სახელითა და დიდებით. მე გადმომცეს მისი ზოგიერთი
გამონათქვამი და ძალიან მომეწონა ისინი. მაგრამ უფრო მეტად იმიტომ
მომწონდა ჰიერიუსი, რომ სხვებს მოსწონდათ და ცაში აჰყავდათ ქება-დიდებით.
ვერ გამეგო, როგორ მოახერხა ამ სირიელმა, თავდაპირველად ასე დახვეწილი
ბერძნულით რომ მეტყველებდა, შემდეგ ესოდენ ბრწყინვალედ შეესწავლა ლათინური
და ფილოსოფიურ საკითხთა დიდებული მცოდნეც გამხდარიყო.

როცა ადამიანს
ერთსულოვნად აქებენ, შეიძლება ისე შეგიყვარდეს იგი, რომ პირადად არც კი
იცნობდე. ნუთუ სიყვარული მაქებრის პირიდან გადაეცემა მსმენელის გულს? არა,
ის ვისაც უყვარს, თავისი სიყვარულით აღაგზნებს სხვებსაც. ამიტომაც გვიყვარს
ის, ვისაც სხვები აქებენ, რადგანაც გვწამს, რომ გულწრფელად აქებენ, და,
მაშასადამე, მათი ქება სიყვარულითაა ნაკარნახევი.

22. ასე მიყვარდა
ოდესღაც ადამიანები, იმის მიხედვით, თუ რა აზრისანი იყვნენ მათზე სხვები,
და არა შენი მსჯავრის თანახმად, ღმერთო ჩემო, ვისთვისაც უცხოა სიყალბე.

მაგრამ
რატომ აქებდნენ ჰიერისუსს სულ სხვანაირად, ვიდრე სახელგანთქმულ მეეტლეს,
ან საქვეყნოდ ცნობილ მონადირეს? ეს იყო გაცილებით უფრო საპატიო და
დარბაისლური ქება-დიდება, სწორედ ისეთი, ოცნებად რომ მქონდა ქცეული: ნეტა
მეც ასე მაქებდნენ-მეთქი. რადგანაც ნამდვილად არ ვისურვებდი, ისე ვექეთ და
ვედიდებინეთ, ან ისე ვყვარებოდით, როგორც მსახიობები, თუმცა მე თვითონ
ვაქებდი მათ და მიყვარდა კიდეც ისინი. მაგრამ მე მერჩია, სულაც არავის
სცოდნოდა ჩემი ასხელი და, ასე განსაჯეთ, საძულველიც კი ვყოფილიყავი
ხალხისათვის, ვიდრე ასე ვედიდებინეთ, ან ამნაირი სიყვარულით ვყვარებოდით.
ნეტა რომელ სასწორდზე წონის ერთი და იგივე ადამიანი სულ სხვადასხვანაირ
სიყვარულს? რატომ მიყვარს ის თვისება სხვაში, რაც, იმავდროულად, მძულს?
რადგანაც იგივე თვისება მეც რომ მახასიათებდეს, ამას, ალბათ, ვერ ავიტანდი.
თუმცა ორივეს, მეც და მასაც, ადამიანი გვქვია. შეიძლება გიყვარდეს კარგი
ცხენი, მაგრამ იმას კი არ ისურვებდი, რომ ცხენი ყოფილიყავი, ცხენად ქცევაც
რომ შეგეძლოს. მსახიობი კი სხვა საქმეა: ის ჩვენი ჯიშისა და ჯილაგისაა.
მაშასადამე, ადამიანში მე მიყვარს ის, რა ჩემსავე თავში მძულს, თუმცა მეც
ადამიანი ვარ? რა უსასრულო უფსკრულია ადამიანი! [73] შენ „მისი თმებიც კი სათითაოდ დათვლილი გაქვს" [74], უფალო, და ერთი ღერიც არ დაგეკარგება, მაგრამ გაცილებით უფრო ადვილია დათვალო მისი თმები, ვიდრე მისი ვნებები და გულისთქმანი.

23.
რაც შეეხება ჰიერიუსს, ის მიეკუთვნებოდა ორატორთა იმ დასს, რომელიც ისე
მხიბლავდა, რომ ძალიან მინდოდა მეც მისი წევრი ვყოფილიყავი. ჩემი სიამაყით
გზააბნეულს თავის ნებაზე მათამაშებდა ყოველი მხრიდან მქროლავი ქარი [75],
მაგრამ ფარულად და საიდუმლოდ შენ წარმართავდი ჩემს ნაბიჯს. მაშ, საიდან
უნდა მცოდნოდა და დაბეჯითებით მეღიარებინა შენს წინაშე, რომ უფრო იმ
სიყვარულის გამო მიყვარდა იგი, რასაც თავის მაქებრებს უნერგავდა, ვიდრე იმ
საქმის გამო, რისთვისაც ასე აქებდნენ და ადიდებდნენ? მის თაყვანისმცემლებს
რომ ქების ნაცვლად, პირიქით, ეგინებინათ, და თუნდაც იგივე გაემეორებინათ,
რასაც მუდამ ამბობდნენ მასზე, მაგრამ ზიზღით და სიძულვილით, ჩემს გულში
ნამდვილად არ აღიძვროდა სიყვარული  მის მიმართ, თუმცა არც მისი საქმე
შეიცვლებოდა და არც თვითონ იქცეოდა სხვად: სხვანაირი იქნებოდა მხოლოდ იმათი
გრძნობები, მის ამბავს რომ მიამობდნენ.

აი, რა სუსტი, რა უმწეო და
მერყევია სული, ჯერ კიდევ რომ არ დაყრდნობია ჭეშმარიტების მყარ საყრდენს.
გამუდმებით წრიალებს და აქეთ-იქით აწყდება, იმის მიხედვით, თუ საიდან
უბერავს მითქმა-მოთქმის ქარბორბალი, მზის შუქს რომ უბნელებს და ამიტომაც
ჭეშმარიტებას ვეღარ არჩევს, თუმცა ის აქვეა, ჩვენს გვერდით.

ჩემთვის
მაშინ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ არ სახელოვან კაცს გაეცნო
ჩემი წიგნი და ჩემი ნაღვაწი. თუ მოიწონებდა, გაათკეცებული გულმოდგინებით
ჩავუჯდებოდი საქმეს; ხოლო თუ დაიწუნებდა, მწარედ მოწყლავდა ამაოების
სიყვარულით მფეთქავ ჩემს საბრალო გულს, რომელსაც ჯერ კიდევ არ ეგულებოდი
თავისი სიმტკიცის ბურჯად. და მაინც, სიყვარულით ვფურცლავდი და გონების
თვალით ველოლიავებოდი ჩემს წიგნს მშვენიერისა და შესაბამისის შესახებ, და
იმდენად აღტაცებული ვიყავი ჩემი ნაშრომით, რომ, ღმერთმანი, არავის ქება არ
მჭირდებოდა.

 

XV

24. მაგრამ მე ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი შენი დიადი საქმისა და ხელოვნების იდუმალ ფესვს, ყოველისმძლეო და „ერთადერთო სასწაულთმოქმედო" [76].
ჩემი სული უგზო-უკვლოდ დაბორიალობდა სხეულებრივ საგანთა შორის.
„მშვენიერს" მე ვუწოდებდი იმას, რაც თავისთავადაა მშვენიერი, „შესაბამისს"
კი იმას, რაც მეორე საგანს ესადაგება, და ამ განსაზღვრას გრძნობადი
სამყაროდან მოხმობილი მაგალითებით ვასაბუთებდი.

შემდეგ კი სულის
ბუნებას მივუბრუნდი, მაგრამ ის გარემოება, რომ გაყალბებული სახით
აღვიქვამდი სულიერ სამყაროს, ხელს მიშლიდა ჭეშმარიტების წვდომაში. ის კი
ჩემს თვალწინ იყო, მთელი თავისი სხივოსნობითა და ძალმოსილებით, მაგრამ მე
ჩემს დაბინდულ მზერას ვარიდებდი ყოველივე უსხეულოს და ხაზებზე, ფერებსა და
სიდიდეებზე გადავდიოდი. და რაკი არ შემეძლო ყოველივე ეს მეხილა სულში, ასე
მეგონა, არც ჩემი სულის ხილვა შემეძლო. სიქველეში მე მიყვარდა სიმშვიდე,
ბიწიერებაში კი მძულდა უთანხმოება, ამიტომ პირველს ერთობად აღვიქვამდი,
მეორეს კი - გათიშულობად [77]. ერთობა გონივრული სულის,
ჭეშმარიტების არსისა და უზენაესი სიკეთის ურთიერთშერწყმად წარმომედგინა,
გათიშულობას კი გონიერებისაგან განძარცულ სიცოცხლედ, ღმერთმა იცის, რანაირ
სუბსტანციად და უზენაეს ბოროტებად ვსახავდი, ბოროტებად, რომელიც, ჩემის
აზრით, არა მარტო სუბსტანცია, არამედ ნამდვილი სიცოცხლე იყო, მხოლოდ
იმნაირი სიცოცხლე, უფალო ჩემო, შენგან რომ არ იღებს დასაბამს, მიუხედავად
იმისა, რომ შენგან წარმოსდგება ყოველი [78].

ერთობას მე
ვუწოდებდი „მონადას", როგორც ერთგვარ სულიერ საწყისს სქესის გარეშე,
გათიშულობას კი - „დიადას", მრისხანებად რომ გვევლინება დანაშაულში და
გრძნობელობად - ხორციელი განცხრომის ჟამს. თვითონაც არ მესმოდა, რას
ვამბობდი, და ვერც ის შემეგნო, რომ ბოროტება სუბსტანცია არ არის [79], და არც ჩვენი გონებაა უზენაესი და უცვლელი სიკეთე.

25.
დანაშაული სულის ბიწიერი მოძრაობაა, სამოქმედოდ რომ აღგვძრავს, ხოლო ამ
მოქმედებით სული შლეგურად და თავხედურად ცდილობს თვითდამკვიდრებას. ზუსტად
ასევე, გარყვნილება თავაწყვეტილი და აღვირახსნილი სურვილია, დაუოკებელი
სწრაფვა ხორციელი განცხრომისაკენ. თუ გონივრული სული თვითონვეა ბიწიერი,
მაშინ სიცოცხლე ცთომილებითა და ყალბი წარმოდგენებით იბღალება. ასეთი იყო
ჩემი მაშინდელი სიცოცხლე, და მე არ ვიცოდი, რომ სული სულ სხვანაირი შუქით
უნდა გამენათებინა, რათა ჭეშმარიტებისათვის მეზიარებინა იგი, რადგანაც
თვითონვე როდია ჭეშმარიტების საწყისი. „მხოლოდ შენ ამინთებ ლამპარს, უფალო;
ღმერთო ჩემო, მხოლოდ შენ გაანათებ ჩემს წყვდიადს" [80]; და „ყველამ მივიღეთ შენი სისავსისაგან" [81], რადგანაც „შენა ხარ ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად" [82]; ვინაიდან „შენთვის უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი" [83].

26. შენსკენ ვილტვოდი, შენ კი თავად მიშორებდი, რათა გამეგო სიკვდილის გემო [84], „რადგანაც მზვაობართა წინააღმდგომი ხარ" [85].

მართლაცდა,
რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი ზვაობა და ქედმაღლობა, რომ გამაოგნებელი
სიშლეგით ამტკიცებდე, თითქოს შენი ბუნება არსებითად არ განსხვავდება
ღმერთის ბუნებისაგან? რაკი აშკარად ვგრძნობდი ჩემს ცვალებადობას, რისი
უარყოფაც არ შემეძლო, რადგანაც უარესს მინდოდა უკეთესი გავმხდარიყავი, -
მერჩია, შენ თვითონ მეგულე ცვალებადად, უფალო ჩემო, ვიდრე მეღიარებინა, რომ
მე იგივე როდი ვარ, რაც შენ. ამიტომაც მიშორებდი თავიდან და ჩემს
ყოყოჩობას თრგუნავდი. ჩემი წარმოსახვა თავს დასტრიალებდა სხეულებრივ
ფორმებს. მე, ხორცი, ბრალს ვდებდი ხორცს, და „მაწანწალა სული" [86] არც
ვცდილობდი შენსკენ მოქცევას; თავგზააბნეული დავბორიალობდი იმ საგნებს
შორის, რომლებიც არც ჩემში იყვნენ, არც შენში და არც არსად; ისინი შენი
ნამდვილი ქმნილებანი კი არ იყვნენ, არამედ ჩემი ფუჭი ზმანებანი. და მე
ვეკითხებოდი შენს ერთგულ მსახურთ, ჩემს თანამოქალაქეებს, რომელთაგანაც უკვე
განდევნილი ვიყავი, ისე, რომ თვითონაც არ ვიცოდი ეს, - დიახ, მე ბრიყვი და
ყბედი, ვეკითხებოდი მათ: რატომ ცდება სული, თუ მართლა ღმერთმა
შექმნა-მეთქი? მე არ მინდოდა, რომ პასუხად ეთქვათ: რატომღა ცდება ღმერთიო?
ამტომაც ვამჯობინებდი უმალ ის დამემტკიცებინა, რომ შენი უცვლელი არსი
აუცილებლობის გამო ცდება, ვიდრე მეღიარებინა, რომ ჩემი ცვლადი არსი თავისი
ნებით გვერდს უქცევს წრფელ გზას, რისი სასჯელიც ცთომილებაა [87].

27.
ოცდაექვსი თუ ოცდაშვიდი წლისა ვიყავი, ეს წიგნი რომ დავასრულე. ჩემს
თვალწინ შრიალით იფურცლებოდა ჩემივე გამონაგონი - ურიცხვი ხორციელი ხატება -
და გულისყურს მიყრუებდა. მაგრამ ყოველივე ამის მიღმა მე ვცდილობდი
გამერჩია შენი შინაგანი მელოდია, ო, ჩემო უტკბესო ჭეშმარიტებავ, ჩუმად რომ
ხმიანებდა სულის სიღრმეში, როცა მშვენიერებასა და შესაბამისობაზე
ვფიქრობდი. მე მინდოდა წამოვმდგარიყავი და „სიხარულით მეხარა სიძის ხმის
გაგონებისას" [88], მაგრამ ვაი რომ არ შემეძლო: ხმამაღლა
მიხმობდა ჩემი ცთომილება და გარეთ მიმათრევდა. ძირს მანარცხებდა ჩემი
სიამაყის სიმძიმე. შენ არ აძლევდი „ჩემს სმენას ხალისითა და სიხარულით
ტკბობის" საშუალებას, და არ „ილხენდნენ ჩემი ძვლები", რადგანაც ჯერ კიდევ
არ „დაგეთრგუნა" [89].

 

XVI

28. რა მარგო იმან, რომ ოცი წლის ყმაწვილ კაცს ხელში ჩამივარდა არისტოტელეს ერთი თხზულება, რომლის სათაურიც იყო „ათი კატეგორია" [90];
- უნდა გენახათ, რა მედიდურად იბღინძებოდნენ ამ სათაურის წარმოთქმისას
ჩემი მასწავლებელი, კართაგენელი რიტორი, და, ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი
სხვა კაციც, სწავლულებად რომ მოჰქონდათ თავი; ამიტომაც ისე ვოცნებობდი ამ
წიგნზე, თითქოს რაღაც დიადი და ღვთაებრივი რამ ყოფილიყოს; - დიახ, რა მარგო
იმან, რომ ჩემს ტოლ-სწორებში მხოლოდ მე შევძელი წამეკითხა და გამეგო იგი?
როცა არისტოტელეს კატეგორიებზე ვესაუბრებოდი იმ ხალხს, ვინც თვითონვე
აღიარებდა, რომ რის ვაივაგლახით შეძლო მისი გაგება, და ისიც, მოძღვართა
წყალობით, რომელნიც მარტო სიტყვიერად კი არ განმარტავდნენ ზემოხსენებულ
კატეგორიებს, არამედ ქვიშაზე დახაზულ ფიგურებსაც იშველიებდნენ, - ვერავინ
ვერაფერს მეუბნებოდა იმაზე მეტს, რისი გაგებაც მე შევძელი.

ჩემთვის
აშკარა იყო, რომ ეს წიგნი საკმაოდ ნათლად მსჯელობდა სუბსტანციებსა და მათ
თვისებებზე: ასე მაგალითად - ადამიანის აღნაგობა - თვისებაა; მისი სიმაღლე -
რაოდენობა; ვისი ძმაა - მიმართება; სადაცაა - ადგილი; როცა დაიბადა - დრო;
ზის თუ დგას - მდგომარეობა; რა მოსავს: ფეხსაცმელი თუ საჭურველი - ფლობა;
რას აკეთებს - მოქმედება; რას განიცდის - ვნება. ამ ცხრა კატეგორიას,
რომელთა მაგლითებიც აქ მოვიტანე, და საკუთრივ სუბსტანციის კატეგორიას
შეიძლება ურიცხვი სხვადასხვა მოვლენა მიესადაგოს [91].

29.
მერედა, რა მარგო ყოველივე ამან? ვნებით კი მავნო, რაკიღა მეგონა, რომ ეს
ათი კატეგორია მოიცავდა უკლებლივ ყველაფერს, რაც კი არსებობს, მე
ვცდილობდი, შენც, ღმერთო ჩემო, განსაცვიფრებლად მარტივი და უცვლელი, შენივე
სიდიადისა თუ მშვენიერებს სუბიექტად წარმომედგინე, თითქოს მათსა და შენს
შორის ისეთივე თანაფარდობა არსებულიყო, როგორიც აქციდენტებსა და
სუბსტანციას, ვთქვათ, სხეულს შორის, მაშინ როდესაც შენივე სიდიადეცა და
მშვენიერებაც თვითონ შენა ხარ [92]. სხეული კი არც დიდია და არც
მშვენიერი, რამდენადაც ის მხოლოდ სხეულია: უფრო პატარაც რომ ყოფილიყო და
ნაკლებ მშვენიერი, მაინც სხეული იქნებოდა.

ჭეშმარიტი კი არა, მცდარი
იყო ყოველივე ის, რასაც შენზე ვფიქრობდი: ჩემი საცოდაობის უბადრუკი
გამონაგონი, და არა შენი ნეტარების ურყევი სიმტკიცე. რადგანაც ასე ბრძანე
და ასრულდა კიდეც შენი ბრძანება: დედამიწამ „ძეძვი და ეკალი აღმომიცენა" [93], რათა „ოფლითა პირისა ჩემისაითა მეჭამა პური" [94].

30.
ანდა რა მარგო მაშინ ჯერ კიდევ უკეთურ ვნებათა მონას იმან, რომ ერთიმეორის
მიყოლებით წავიკითხე ყველა წიგნი, რისი შოვნაც კი შევძელი [95],
ეგრეთწოდებულ თავისუფალ ხელოვნებათა შესახებ და გავიგე კიდეც ისინი? მე
ვტკბებოდი მათი კითხვისას და არ კი მესმოდა, საიდან იღებდა დასაბამს ის,
რაც მათში ნამდვილი იყო და ჭეშმარიტი. სინათლის მიმართ ზურგშექცევით მდგარს
პირი განათებული საგნებისაკენ მქონდა მიქცეული, ასე რომ, თვით ჩემს სახეს
სინათლის სხივიც არ ეცემოდა. შენ ხომ იცი, უფალო ღმერთო ჩემო, რაც
შევიმეცნე, დიდი გაჭირვებისა და სხვისი შეწევნის გარეშე, მჭევრმეტყველების,
დიალექტიკის, გეომეტრიის, მუსიკისა და არითმეტიკის დარგში, რადგანაც
შენგან მებოძა აზრის სისხარტე და გონების გამჭრიახობა, მაგრამ შენ როდი
შემოგწირე მსხვერპლად ისინი. ჩემდა სასიკეთოდ კი არა, ჩემსავე წარსაწყმედად
ვიყენებდი მათ, რადგანაც ხარბად ვებღაუჭებოდი ჩემი სამკვიდროს უკეთეს
ნაწილს და ნაცვლად იმისა, რომ შენთვის შემენახა ჩემი ძალა, გაგექეცი და
შორეულ მხარეს გადავიკარგე, რათა ავხორცულ გულისთქმათა დასაცხრომად
გამეფლანგა მთელი ჩემი ავლადიდება [96]. რას ვაქნევდი სიკეთეს,
თუკი არ შემეძლო კეთილად მომეხმარა იგი? არც კი მესმოდა, რარიგ უჭირდათ
ჩემს ყველაზე ბეჯითსა და გონიერ მოწაფეებს ამ საგნების შეთვისება ჩემი
გულმოდგინე ახსნა-განმარტების გარეშე, ასე რომ, ყველაზე გონებაგახსნილი მათ
შორის ის იყო, ვინც შედარებით სწრაფად ითვისებდა ათასჯერ გადაღეჭილ
მასალას.

31. რა მარგო იმან, უფალო ჩემო, რომ მეგონა, თითქოს შენ,
ჭეშმარიტების ღმერთი, უზარმაზარი მნათი სხეული ხარ, ჩემი თავი კი ამ
სხეულის ნამსხვრევად მიმაჩნდა? უკუღმართობაც ამასა ჰქვია! მაგრამ სწორედ
ამნაირი ვიყავი მაშინ. არა, არ მრცხვენია, უფალო, აღსარება გითხრა და
ვაღიარო შენი გულმოწყალება ჩემს მიმართ; ვაღიარო და ხმამაღლა გიხმო: აკი არ
მრცხვენოდა მკრეხელურად მექადაგა ხალხის წინაშე და ქოფაკივით მეყეფა
შენთვის.

რა მარგო ჩემმა გონებამ, ასე ადვილად რომ ართმევდა თავს
ზემოხსენებულ მეცნიერებებს, ან რა სიკეთე მიყო იმან, რომ მასწავლებლების
დაუხმარებლადაც შემეძლო ჩავწვდომოდი უკიდურესად ბნელი და ბუნდოვანი
წიგნების აზრს, მაშინ როდესაც უკეთურად ვმკრეხელობდი გზააბნეული და ურცხვად
უგულებელვყოფდი ღვთისმოსაობის მეცნიერებას? განა რას ვნებდა შენს ბარტყებს
ის, რომ ცოტა უფრო ზანტი ტონება ჰქონდათ? სამაგიეროდ არსადაც არ
გაგირბოდნენ, არამედ მოთმინებით უცდიდნენ, როდის წამოიჩიტებოდნენ შენი
ეკლესიის ბუდეში, და თანდათანობით იმაგრებდნენ სიყვარულის ფრთებს,
ჭეშმარიტი რწმენის საზრდოთი ნასაზრდოებნი [97].

უფალო ღმერთო ჩვენო, „შენს ფრთათა ჩრდილქვეშ მოველით სასოებას" [98]: დაგვიფარე და გაგვაქროლე. „შენ გაგვაქროლებ შენს ბარტყებს, და ეს ქროლა გაგრძელდება ჩვენს სიბერემდე" [99],
რადგანაც ჩვენი ძალა მხოლოდ მაშინაა ძალა, როცა ჩვენთანა ხარ; უშენოდ კი
ჩვენი ძალა უძლურებაა, ჩვენი სიკეთე მუდამ შენშია, და როგორც კი ზურგს
ვაქცევთ მას, სიწრფელის გზასა ვკარგავთ. შენს მიმართ შემოვიქცევით, რომ
მიწას არ დავენარცხოთ, რადგანაც შენში ცოცხლობს ჩვენი სიკეთე მთელი თავისი
სავსებით, და ეს სიკეთე შენა ხარ თვითონ. არ გვეშინია, რომ ვეღარსად
დავბრუნდებით, რაკიღა დავეცით და დავემხეთ: ჩვენთან ერთად როდის დამხობილა
ჩვენი მშობლიური სახლი - შენი მარადისობა.

ნანახია: 3079 | დაამატა: delmar | ტეგები: ავგუსტინე, აღსარებანი, ნეტარი | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
    ძ ი ე ბ ა   ს ა ი ტ ზ ე


საიტის მეგობრები