ვნების შვიდეული,დიდი ხუთშაბათი რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას
სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყვარებისა სენითა
დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოი,
მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთჳს შიშთჳლ-იბა. და ივლტოდით
უძღებისა მისგანს სენისა, რომელმან მოძღუარსა თჳსსა ზედა ესევითარი იკადრა. არმედ,
რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგენ, კაცთ-მოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა!
არქიეპისკოპოსი სერაფიმ სობოლევი
სიტყვა დიდ ხუთშაბათს
მასზედ, თუ როგორ უნდა ვეზიარებოდეთ ამ უდიდესი საიდუმლოების ნაყოფს, როდესაც ჩვენ
სიყვარულით ვეზიარებით ქრისტეს
დღევანდელსა ამას დღესა წმინდა ეკლესია იგონებს საიდუმლო სერობაზე ევქარისტიის საიდუმლოების
დაწესებას. სწორედ მაშინ გახდნენ პირველად ქრისტეს მოწაფენი მისი ხორცისა და სისხლის
თანაზიარნი, მიიღეს იმგვარი საიდუმლოება, რის გარეშეც ჩვენი ცხონება არ იქნება, რის
გარეშეც წმინდა და ნეტარ ცხოვრებას ვერ შევძლებთ. უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ,
– თქვა უფალმა, – და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქვენთა
(იოანე 6, 53).
ღვთიური სწავლება ევქარისტიული საიდუმლოების აუცილებლობისა და მაცხოვნებლობის შესახებ
გადმოცემულია ქრისტეს ამ სიტყვებშიც: მე ვარ ვენახი, და თქვენ რტონი, რომელი დაადგრეს
ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაჲ
ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა
ნასხლევი, და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას (იოანე 15,
5-6). ქრისტესთან ისე მჭიდროდ შეერთება, როგორც რტო უერთდება ვენახს, ჩვენ მხოლოდ
ევქარისტიის საიდუმლოებაში შეგვიძლია. ცხადია, როგორც მოტეხილი ტოტი ხმება და იღუპება,
არა მხოლოდ ამ, არამედ მომავალ საუკუნო ცხოვრებაში, ჩვენც დავიღუპებით, თუ ევქარისტიის
საიდუმლოებით ქრისტეს არ ვეზიარებით.
მიუხედავად ამგვარი სწავლებისა, მართლმადიდებელთა შორის შეიძლება შევხვდეთ ისეთებს,
რომელნიც მრავალი წლის განმავლობაში არ ეზიარებიან. სად იქნებიან ასეთ მართლმადიდებელთა
სულები სიკვდილის შემდეგ? რაღა თქმა უნდა, მხოლოდ საუკუნო სატანჯველში.
თუმცა ზეციურ პალატთა სამოთხისეული მარადი ნეტარების მიღმა დარჩებიან ისინიც, ვინც
ევქარისტიულ საიდუმლოებას იმგვარად არ იღებენ, როგორც ჯერ არს. საქმის არსი ქრისტეს
წმიდა საიდუმლოებათა მიღება კი არაა, არამედ ის, თუ როგორ ვეზიარებით.
ამ საკითხზე პასუხს წმინდა ეკლესია გვაძლევს საიდუმლო სერობაზე სახარებისეული მონათხრობით,
დიდი ხუთშაბათის ტროპარის სიტყვებითა და ამ დღის მსახურების ლოცვებით. იგი გვაფრთხილებს,
რათა ქრისტეს ხორცსა და სისხლს იუდა მიმცემელივით არ ვეზიაროთ. ვერცხლისმოყვარეობით
შეპყრობილი იუდა სასჯელად და დასასჯელად ეზიარა. ამ ვნებამ იგი თანდათან დაიპყრო,
მიმცემლობის ჟამს კი მის სულში გაბატონდა. მან დაივიწყა, რაოდენ დიდთა წყალობათა
ღირსყო იგი უფალმა. წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, მოციქულთა საქადაგებლად წარგზავნისას
სხვა მოციქულებთან ერთად იუდამაც მიიღო ნიჭნი სნეულთა განკურნებისა და მკვდართა აღდგინებისა,
და ამ ნიჭთა ძალით ის მართლაც კურნავდა ავადმყოფებს ყოველგვარ სნეულებათაგან და მკვდრებს
აღადგენდა. საიდუმლო სერობაზე უფალმა გამოიჩინა უკიდურესი თავმდაბლობა და ფეხი დაჰბანა
მას. ხოლო გეთსიმანიის ბაღში, გამცემელობის ჟამს, ღალატით ამბორებისას, მეგობარი
უწოდა. იუდამ ყოველივე დაივიწყა, ერთიანად დაემონა ვერცხლისმოყვარეობას. ამიტომ,
როგორც კი ქრისტეს ხორცსა და სისხლს ეზიარა, მის სულში საბოლოოდ შევიდა სატანა და
ქრისტეს მიმცემელობა აღასრულებინა. მაგრამ ღალატით არ დამცხრალა ვნება იუდას ვერცხლისმოყვარებისა,
რამაც ის სასოწარკვეთილებამდე, შემდეგ კი თვითმკვლელობამდეც მიიყვანა.
ჩვენ კი, საყვარელნო, როგორ უნდა ვეზიარებოდეთ, ქრისტეს საიდუმლოებებს? ისე, როგორადაც
ეზიარნენ ქრისტეს წმინდა მოციქულები. ეს უდიდესი საიდუმლოება მათ ქრისტეს სიყვარულით
მოცულებმა მიიღეს. ამ სიყვარულით დნებოდა გული მათი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი
მიეკრა მკერდსა მისსა. დანარჩენი მოციქულებიც (იუდა მიმცემელის გარდა), ქრისტესათვის
თავგანწირვის მზადყოფნით უდიდეს სიყვარულს გამოხატავდნენ. ისინი მართლაც დაიხოცებოდნენ
ღვთიურ მოძღვართან ერთად, გეთსიმანიის ბაღში შესაპყრობად მოსული ხალხისათვის რომ
არ ეთქვა: „მე ვარ, უკუეთუ მე მეძიებთ, უტევენით ესენი, წარვიდენ" (იოანე 18, 8).
მაშ, ჩვენც ქრისტესადმი სიყვარულში ვეზიარებოდეთ, საყვარელნო შვილნო ჩემნო. თუკი
ჩვენში ეს სიყვარული იქნება, მაშინ ვერანაირი ვნება ვერ დაგვეუფლება და არარა ცოდვას
არ შეეძლება ჩვენი მისგან ჩამოშორება, რამეთუ როგორც მოციქულიც იტყვის: სიყვარული
არასადა დავარდების (1 კორინთელთა მიმართ 13, 8).
თუკი ეს სიყვარული იქნება ჩვენში, მაშინ მაცხოვნებელ მცნებებსაც აღვასრულებთ, რამეთუ
უფალმა თქვა: უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით... უკუეთუ ვისმე უყუარდე
მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა
დაიმარხნეს (იოანე 14, 15, 23-24).
როდესაც ქრისტეს წმიდა საიდუმლოებები ფრიად საგრძნობლად მოქმედებენ, მცნებათა აღსრულების
გზით ბავშვურ სიწმინდეს ვაღწევთ. წმინდა იოანე ოქროპირი თხზულებაში, ბავშვთა აღზრდის
შესახებ, იტყვის, რომ უმანკო ბავშვების მიერ ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის მიღება
ავადმყოფობის შემთხვევაში განსაკუთრებული ძალით მოქმედებს მათზე. ბავშვის სული ამ
საიდუმლოებისაგან სიმშვიდესა და სიხარულს გრძნობს, ხოლო სხეული ყოველგვარი სნეულებისაგან
იკურნება.
დიდებული ღვთისმეტყველი, ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ჩინებულად გადმოსცემს ამ
ჭეშმარიტებას თავის თხზულებებში. მამა იოანე კრონშტადტელი კი წიგნში „ჩემი ქრისტესმიერი
ცხოვრება" მოწმობს, რომ უმანკო ყრმათაგან ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის მიღება
მათი განკურნების ყველაზე შესანიშნავი საშუალებაა. „და რამდენჯერ, – ამბობს იგი,
– მიზიარებია ავადმყოფი ბავშვები და ისინი ყოველთვის თვით უნუგეშო ავადმყოფობის შემთხვევაშიც
კი განკურნებულან".
წმინდათა ღვთიურთა საიდუმლოებათა ზიარება ქრისტესადმი სიყვარულისა და მცნებათა აღსრულების
შემთხვევაში ჩვენ განსაკუთრებულ ძალასა და სიმხნევეს გვმატებს. თვით იოანე კრონშტადტელი
ამ ჭეშმარიტების საკვირველი მაგალითია. არცთუ იშვიათად მას დღე-ღამეში მხოლოდ ორი
საათი ეძინა. მთელი დღე ცეცხლოვან ღვაწლში, განუწყვეტელ ღვთისმსახურებასა და ლოცვებში
მყოფი, საჭიროების შემთხვევაში სნეულთა კურნებისა და ვნებულთა ნუგეშისათვის მიდიოდა.
ქრისტესადმი სიყვარულისა და მცნებათა აღსრულებისათვის წმიდა ზიარებისაგან ღვთიური
სიხარულით ვივსებით, თანახმად ქრისტესაგან თქმულისა: უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ,
ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა..., რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული
თქუენი სავსებით იყოს (იოანე 15, 10-11). და წმიდა ზიარებისაგან მოგვრილ ამ სიხარულს
ღვთის სათნო ადამიანები, ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარნი ყოველთვის და განუხრელად გრძნობდნენ.
და ბოლოს, უკუეთუ ქრისტესადმი სიყვარულით მივიღებთ წმიდა ზიარებას, ამა საიდუმლოების
ნათელი ყოველთვის გაგვასხივოსნებს ჩვენ. სინათლე ესე ჩვენგან ეშმაკებს განსდევნის,
რომელნიც, ვითარცა სიბნელის სულნი, ვერ იტანენ ღვთიურ ნათელს; იგი დასწვავს და მოსპობს
ჩვენში ვნებებს, და ჩვენც ისევე განვნათლდებით, როგორადაც საიდუმლო სერობაზე მოციქულები
გასხივოსნდნენ წმიდა ზიარებით, რაც დღევანდელ ტროპარშიცაა გადმოცემული. ნათელი ამა
საშინელისა საიდუმლოჲსა, ხდება რა ჩვენი მონაპოვარი, იმ სოფელშიც თან გაგვყვება.
იგი ეშმაკებს განსდევნის ჩვენგან, ოდეს სული ჩვენი საზვერეებს გაივლის და ქრისტეს
ზეციურ სასუფეველში მარადიული სიხარულის წყაროდ შეიქმნება.
მოგესალმებით, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო ჩემნო, უწინარეს ქრისტეს ხორცისა და
სისხლის ზიარებისა. გულითადად გისურვებთ, არ ეზიაროთ ისე, როგორადაც იუდა – მიმცემელი
ეზიარა, არამედ როგორც ქრისტეს მოწაფეები – საიდუმლო სერობაზე. ღმერთმა ქნას, რომ
ამ ზიარების შემდეგ არცერთი ვნება, რაც გაქვთ, უკან აღარ დაგიბრუნდეთ. დე, თქვენს
ცხოვრებაში ჩაიკიროს ქრისტესადმი სიყვარული მისი ყველა მცნების განუხრელი მიმდევრობით.
მაშინ წმიდა ზიარება გახდება წყარო ყოველთა თქვენთა სნეულებათა განმკურნებელი – ხორციელისაც
და სულიერისაც. მაშინ მხნეობა, ძალა და ღვთიური სიხარული თქვენი თანმდევი იქნება.
მაშინ თქვენგან მიღებული ქრისტეს ხორცისა და სისხლის მადლმოსილი სინათლე მიწყივ განგანათლებთ
და შემდგომად თქვენი აღსრულებისა აღასრულებს უფალი თქვენზე თქმულს: მაშინ მართალნი
გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა (მათე 13, 43). ამინ.