დღეს ნინოობა. ქართველთა განმანათლებელის, წმინდა ქალწული ნინოს მიცვალების დღე. როდესაც მეოთხე საუკუნეში მოციქულთასწორმა, ანდრია პირველწოდებულის ნაქადაგები სარწმუნოება კვლავ იქადაგა, მან გააქრისტიანა მეფე და ერი. სიცოცხლის ბოლო წლები მან კახეთში, დაბა ბოდენში გაატარა და იქვე მიიცვალა. წმინდანის საფლავი დღემდე შემორჩენილია ბოდბეში. აქვე დაარსებულია მისი სახელობის მონასტერი. 27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II სადღესასწაულო წირვა აღავლინა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მთავარ ტაძარში. თანამსახურებდნენ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ბოდბელი მიტროპოლიტი დავითი, სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი. მსახურების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დალოცა ერი და მოინახულა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ტაძარი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოციქულთასწორი ქალწულის ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. ქართველთა ქრისტიანობის სიმბოლო და ერის სულიერი საგანძური, რომლითაც წმინდა ნინო საქართველოში შემობრძანდა და ქართველი ერი გააქრისტიანა, თავის სამყოფელს წელიწადში მხოლოდ ორჯერ ტოვებს- 1 ივნისს- მოციქულთასწორი ქალწულის საქართველოში შემობრძანების დღეს და 27 იანვარს მისი მიცვალების დღეს. წმიდა ნინოს ჯვარი შუა ტაძარში გუშინ ცისკრის ლოცვისას გამოაბრძანეს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა. წმინდა ნინოს ჯვარზე მთხვევა მორწმუნეებს დღეს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ