ეს გრემია, ქართული ხუროთმოძღვრების ერთერთი მნიშვნელოვანი ნიმუში, რომელიც მონასტრის გარდა, სამეფო რეზიდენციასაც მოიცავს. ტაძარი კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს ააგო. გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიან ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი, როგორც პოლიტიკურად და სტარატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ისტორია მე-15 საუკუნიდან დაიწყო. ამ პერიოდში, კახეთის პირველმა მეფემ, გიორგიმ, გრემი სამთავროს დედაქალაქად აქცია.
გადმოცემის თანახმად, გრემის სამონასტრო კომპლექსში აკადემიაც არსებობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ტაძრის ადგილას უფრო ძველი, დაახლოებით, მე-11 საუკუნეში აგებული ეკლესია იყო, რომლის ნაშთები მიწაში უფრო ღრმად არის ჩაფლული. ფრესკები, რომელიც აქ გვხვდება, 1577 წელს არის მოხატული და მას შემდეგ რამდენჯერმე რესტავრირებული. მონასტერში ლევან მეფის რეზიდენციის დარბაზის რამდენიმე ფრაგმენტი და მისივე პირადი ნივთებია შემორჩენილი.
გრემის ეკლესია ამჟამად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და კომპლექსის მოვლა პატრონობა სწორედ მათი პატრონაჟით ხორციელდება. რამდენიმე თვის წინ, სამონასტრო კომპლექსს მეზეუმიც შეემატა, სადაც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ნივთები ინახება.
გრემის სამონასტრო კომპლექსს, ისევე როგორც კახეთის, თითქმის, ყველა ღირსშესანიშნაობას, უამრავი ადამიანი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობაც უცხოელი ტურისტია.