კირიონ
მეორე გადმოსაწერი ლინკი იხილეთ კომენტარებში ჩვეულებრივ, კირიონ II დილის 5 საათზე იღვიძებდა. თუმცა 27 ივნისს
კათალიკოს-პატრიარქი ოთახიდან არ გამოსულა. როდესაც გამთენიისას საძინებლის
კარი შეაღეს, იქ სისხლის გუბე იდგა. კირიონ II ბრაუნინგის სისტემის
რევოლვერით მოკლეს. იარაღი საწოლთან ახლოს ეგდო. პატრიარქს რამდენიმე
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. გამოძიებამ, დამნაშავის ვინაობა ვერ
დაადგინა. საქმე დაიხურა და მკვლელობა გაუხსნელი დარჩა.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მას
მტრობდნენ, როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მკვლელობის
შემკვეთთა სიაში, პირველ ადგილზე რუსეთის საიდუმლო სამსახურს ასახელებდნენ,
რომელიც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას ყველა საშუალებით ებრძოდა.
რუსეთმა საქართველოს მართლამიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია XIX საუკუნის
დასაწყისში გააუქმა. 1811 წელს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის
მოტივით, რუსეთის საეკლესიო სინოდმა საქართველოს მაშინდელი
კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II ქვეყნიდან გაიწვია. პატრიარქი სამშობლოში
აღარ დაბრუნებულა. იმავე წელს რუსეთის სინოდმა საქართველოს ეკლესიების
მართვა-გამგეობის პროექტი შეიმუშავა და მსოფლიოს საეკლესიო კანონების უხეში
დარღვევით ავტოკეფალია საერთოდ გააუქმა. ქვეყანა გუბერნიებად დაიყო, ხოლო
საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს სტატუსამდე დაქვეითდა. 1917 წლამდე
საქართველოს სასულიერო ცხოვრებას, რუსეთის სინოდის მიერ დანიშნული
ეგზარქოსი მართავდა. ეკლესიების კედლები თეთრად შეიღება და ქართულ ენაზე
წირვა-ლოცვა აიკრძალა. მთლიანად შეათეთრეს სვეტიცხოვლის, ალავერდის,
სამთავისის უნიკალური ქართული ფრესკები. დაიწყეს ქართული ტაძრების
გადაკეთება რუსულ ყაიდაზე. ბევრ ეკლესიას რუსულ ყაიდაზე შეუცვალეს
გუმბათები. ექსპანსიის ერთ-ერთი სახეობა ქართული ეკლესიების სახელების
რუსული წმინდანების სახელით შეცვლა იყო.
შემცირდა ეპარქიების რაოდენობა, აღმოსავლეთ საქართველოში დარჩა მხოლოდ
ერთი ეპარქია და მას ქართლ-კახეთის, ანუ საქართველოს ეპარქია უწოდეს.
დასავლეთ საქართველოში კი არსებობდა იმერეთის, გურია-სამეგრელოს, ხოლო XIX
საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა სოხუმის ეპარქია. რუსეთმა
საქართველოს არამარტო პოლიტიკური, არამედ სულიერი, ანუ ეკლესიური მონობის
უღელიც დაადგა.
მამა გიორგი ზვიადაძე (თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი): "14
საუკუნის განმავლობაში საქართველოს ეკლესია იყო ავტოკეფალური და 1811 წელს
არაკანონიკური ბრძანების საფუძველზე უქმდება საქართველოს სამოციქულო
ეკლესიის ავტოკეფალია. ეს იყო მსოფილიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების
და კანონიკური სამართლის უხეში დარღვევა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის
ავტოკეფალიის გაუქმების უფლება არავის ჰქონდა ."
საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა XIX საუკუნის მიწურულს
დაიწყო. კირიონ II ამ მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო. მის გარშემო
გაერთიანდნენ ეპისკოპოსები ლეონიდე და ანტონი, დეკანოზები კალისტრატე
ცინცაძე, ნიკიტა თალაკვაძე, არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია. სასულიერო პირებს
აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდნენ საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე,
აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე
თაყაიშვილი, ნიკო მარი. შეიძლება ითქვას, რომ კირიონი იყო ის პიროვნება,
რომელიც იმ პერიოდში სასულიერო პირებს შორის ავტოკეფალიისთვის ბრძოლას
ხელმძღვანელობდა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას კი
ერისკაცებში ილია ჭავჭავაძე მეთაურობდა.
ავტოკეფალიის მოთხოვნა მეფის რუსეთის მოხელეთა დიდ უკმაყოფილებას
იწვევდა. საიდუმლო სამსახურმა კირიონ II-ზე თვალთვალი დააწესა.
საეგზარქოსომ კი მისი საქართველოდან გადაყვანა მოითხოვა.
კირიონის დევნაში დიდი როლი ითამაშა საეგზარქოსოს სასწავლო ოლქის
მზრუნველმა და საღვთო სჯულის პედაგოგმა ივანე ვოსტორგოვმა. მისი
რეკომენდაციით, 1902 წელს კირიონი სამშობლოს მოაშორეს და რუსეთში,
კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გაიწვიეს.
რუსეთის საეკლესიო სინოდს კირიონისთვის ეპისკოპოსის წოდება არ
ჩამოურთმევია, მაგრამ მას მაინც არ ენდობოდნენ. ერთ ადგილზე დიდხანს არ
აჩერებდნენ და ეპარქიებს გამუდმებით უცვლიდნენ. 1903 წელს
კამენეც-პოდოლსკიდან კირიონი ხერსონში გადაიყვანეს. ერთი წლის შემდეგ იგი
უკვე ორიოლში იყო. თუმცა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლას
კირიონი რუსეთშიც განაგრძობდა. მას საქართველოში დარჩენილ თანამოზრეებთან
კავშირი არასოდეს გაუწყვიტავს. 1905 წელს კირიონის მომხრეებმა საქართველოში
საეკლესიო კრება ჩაატარეს, რომელზეც ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი
განიხილებოდა. კრების შემდეგ, ქართველმა სამღვდელოებამ გოლოვინის
პროსპექტზე მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო. საქართველოს იმჟამინდელი
ეგზარქოსის ალექსის მოთხოვნით, მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა მსვლელობა
დაარბია. კაზაკებმა ღვთისმსახურები მათრახების ცემით გარეკეს და ხატები
დაამსხვრიეს.
მშვიდობიანი მსვლელობის დარბევით მეფის ხელისუფლებამ უკუშედეგი მიიღო.
საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფმა, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით,
მეფისნაცვალს ავტოკეფალიის საკითხის განხილვა ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა.
მთავრობა იძულებული გახდა მოთხოვნისთვის ანგარიში გაეწია. 1906 წლის
იანვარში, ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, პეტერბურგში, რუსეთის საეკლესიო
სინოდის ორი სხდომა გაიმართა. სხდომას ორიოლის ეპისკოპოსი კირიონი და
იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე ესწრებოდნენ.
კირიონმა სხდომაზე ორი მოხსენება წაიკითხა. მოხსენებაში მან საქართველოს
ეკლესიის ისტორიაზე ვრცლად ისაუბრა და ავტოკეფალიის აღდგენის
აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. კირიონს მოუსმინეს, მაგრამ სინოდმა
ქართველი სამღვდელოების მოთხოვნა უარყო. იმ პერიოდში ავტოკეფალიის აღიარება
ფაქტობრივად საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი იყო.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "სხდომაზე განსაკუთრებით აქტიურობდნენ
ეპისკოპოსი კირიონი და ლეონიდე, რომლებმაც მოიყვანეს არაერთი ფაქტი იმის
შესახებ, თუ როგორ დევნიდნენ ავტოკეფალიის მოთხოვნის გამო რუსი ეგზარხოსები
ქართულ სამღვდელოებას. სხვათაშორის, ქართველთა ინტერესების საწინააღმდეგო
გამოსვლებიდან ყველაზე მკაცრი გამოსვლა ისევ ქართველს ეკუთვნოდა. რენეგატმა
ეპისკოპოსმა დიმიტრი აბაშიძემ ასე მიმართა რუსეთის სინოდის წევრებს:
დაიჭირეთ ეპისკოპოსი კირიონი და ლეონიდი და საქართველოში, საქართველოს
ავტოკეფალია აღარავის გაახსენდებაო".
1906 წელს კირიონი ორიოლიდან სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს. იმავე წელს
ავტოკეფალიის მოთხოვნაზე უარის თქმის სანაცვლოდ, მას საქართველოს
ეგზარქოსის თანამდებობა შესთავაზეს. კირიონი გარიგებაზე არ წავიდა.
პირიქით, სოხუმში მან რუსეთის იმპერიის იმ პოლიტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა,
რომელიც აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორებას ითვალისწინებდა. რუსეთის
წმინდა სინოდმა სოხუმის ცალკე ეპარქია 1885 წელს, სპეციალურად პოლიტიკური
მიზნებისთვის შექმნეს. სოხუმის ეპარქია, პირველ რიგში აფხაზეთის გარუსების
საქმეს ემსახურებოდა. კირიონი ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც იმ პერიოდში
სოხუმის ეპარქიის მმართველად დაინიშნა.
გოჩა საითიძე (ისტორიკოსი): "კირიონი აფხაზი ხალხის ინტერესების
დამცველად და მათი რუსიფიკაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. ბუნებრივია, მისი
ასეთი პოლიტიკა რუსული ეკლესიისა და რუსი მოხელეების გაღიზიანებას იწვევდა.
აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, იგი სოხუმს მოაცილეს და 1907 წელს
კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს. მომდევნო 10 წელი კირიონმა საქართველოდან
შორს გაატარა."
1908 წელს თბილისში ეგზარქოსი ნიკონი მოკლეს. ტერორისტული აქტი
ანარქისტული პარტიის წევრმა ნამორაძემ განახორციელა. მეფის ხელისუფლებამ
ეგზარქოსის მკვლელობის იდეური ხელმძღვანელობა კირიონს დააბრალა. მას
ავტოკეფალიის მოთხოვნაც გაუხსენეს და ეპისკოპოსის ხარისხი ჩამოართვეს. იგი
კოვნოდან დაითხოვეს. ჟანდარმერიის ბადრაგმა ქართველი ღვთისმსახური ხარკოვის
გუბერნიაში, კურიაჟის მონასტერში გადაიყვანა. ათი თვის შემდეგ, კირიონის
მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. რუსეთის საეკლესიო სინოდის ბრძანებით,
ცივ ზამთარში იგი ტამბოვის გუბერნიაში სანაქსარის უდაბნოში წაიყვანეს,
მონასტრის ნოტიო სენაკში გამოკეტეს და სათვალთვალოდ გადაცმული პოლიციელები
მიუჩინეს.
როგორც მისი თანმხლები პირი, შემდგომში ეპისკოპოსი ტარასი კანდელაკი
იხსენებს, ის სენაკი სადაც მეუფეს უნდა მოესვენა, ყინულით იყო დაფარული.
გაყინული იყო საწოლიც. კანდელაკმა ამ ყინულზე გადააფარა რაღაც სამოსი და
იმაზე დაუგო კირიონს საწოლი.
კირიონის დაცვის მიზნით, ქართველი საზოგადო მოღვაწეები ევროპაში
საქართველოს მეგობარს, ინგლისელ დიპლომატს ოლივერ უორდროპს დაუკავშირდნენ
და დახმარება სთხოვეს. უორდროპმა შექმნა საზოგადოება, რომელმაც აქტიურად
დაიწყო ქართველი ღვთისმსახურის დაცვის კამპანია. 1909 წლის 10 მარტს
ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგის თავმჯდომარემ ჟორჟ ლორანმა რუსეთის
სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ხომიაკოვს გაუგზავნა თხოვნა
კირიონის უფლებების დაცვის თაობაზე, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
ქართველი ეპისკოპოსის საქმეს რუსეთის სინოდის თავმჯდომარე და ობერპროკურორი
კურირებდა."
ვითარება მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც კირიონმა რუსეთის
იმპერატორის ნიკოლოზ მეორის სახელზე მოხსენებითი ბარათი დაწერა. 1914 წელს
მას ეპისკოპოსის ხარისხი აღუდგინეს და ვიტებსკის ეპარქიაც ჩააბარეს. თუმცა
სამშობლოში ჩამოსვლის ნება მაინც არ დართეს.
1917 წელს რუსეთის იმპერიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. თებერვლის
რევოლუციის შედეგად, ქვეყნის სათავეში დროებითი მთავრობა მოექცა. იმპერია
სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. ამით ისარგებლა საქართველომ და
თანდათან რუსეთის ზეგავლენისაგან გათავისუფლება დაიწყო.
დამოუკიდებლობის შესახებ ხმამაღლა პირველად საქართველოს ეკლესიამ
განაცხადა. 1917 წლის 9 მარტს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის სახლში საიდუმლო
შეხვედრა შედგა, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად სოციალ-დემოკრატების
ლიდერი ნოე ჟორდანიაც ესწრებოდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს
ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდებოდა.
12 მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 106 წლიანი პაუზის
შემდეგ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა.
გოჩა საითიძე (ისტორიკოსი): "ჩვენი ერისთვის ავტოკეფალიის გამოცხადებას
უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა. საეკლესიო დამოუკიდებლობის აღდგენა წინ
უსწრებდა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ეს იყო ერთ-ერთი
მნნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზაზე. გარდა ამისა,
ავტოკეფალიის აღდგენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სულიერების თვალსაზრისით.
ფაქტობრივად, ქართველმა ერმა დაინახა და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ის
კვლავ არსებობს. მანამდე საქართველო, როგორც ასეთი მცნებაც კი აღარ
არსებობდა."
მეუფე ანანია (მანგლისისა და წალკის მთავარეპისკოპოსი): "ერი არის
სხეული, ხოლო სული არის ეკლესია და როდესაც ჩვენს ეკლესიას წაართვეს
თავისუფლება, ფაქტობრივად სულისაგან განძარცვეს ერი. ეკლესიის
დამოუკიდებლობა ნიშნავდა სულის დაბრუნებას, ერის გაცოცხლებას. ერთი წლის
შემდეგ უკვე სულიერად გათავისუფლებულმა ერმა შეძლო სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის გამოცხადება."
კათალიკოსის არჩევამდე, საქართველოს ეკლესიის გამგებლად გურია-ოდიშის
ეპისკოპოსი ლეონიდე დაინიშნა. შეიქმნა დროებითი საეკლესიო მმართველობა,
რომელსაც უნდა მოემზადებინა საეკლესიო ყრილობა. 114 წლიანი წყვეტის შემდეგ,
ეს ყრილობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს აირჩევდა. გარდა ამისა,
დროებით საბჭოს ყრილობაზე განსახილველად უნდა მოემზადებინა საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგობის დებულება.
დადგინდა, რომ პირველი საეკლესიო კრება 1917 წლის 9-17 სექტემბერს
ჩატარდებოდა. საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების გარდა, კრებაზე
დატკიცდებოდა ეპარქიები და საკათალიკოსო საბჭოს შემადგენლობა, ხოლო 17
სექტემბერს, საეკლესიო კრების ბოლო დღეს, აირჩევდნენ სრულიად საქართველოს
კათალიკოს-პატრიარქს.
დროებით მმართველობას რუსეთის სინოდის წევრებთან უნდა ეწარმოებინა
მოლაპარაკება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შესახებ. რუსეთის
მიერ დანიშნულმა ეგზარქოსმა პლატონმა სვეტიცხოველში მიღებული
გადაწყვეტილება არ სცნო. თუმცა, მას საქართველოს დატოვება მაინც მოუწია.
გაჯიუტებული პლატონი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ეგზარქოსის
სასახლიდან გამოაძევეს. დროებით მისი ადგილი ეპისკოპოსმა ლეონიდემ და
საქართველოს ეკლესიის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაიკავა.
1917 წლის ზაფხულში ქართველ მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა ვიტებსკში
კირიონთან დელეგაცია გაგზავნა. ისინი კირიონს საქართველოში დაბრუნებას და
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას
სთხოვდნენ. თავდაპირველად კირიონმა ჩამოსვლაზე უარი განაცხადა, მაგრამ
დაჟინებული თხოვნის შემდეგ, იგი საქართველოში გამოემგზავრა. არაგვის
ხეობაში კირიონს 120 ცხენოსანი შეეგება. ჩოხოსანთა რაზმმა ეპისკოპოსი
თბილისამდე დიდი პატივით ჩამოაცილა.
საქართველოს ეკლესიის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი
საეკლესიო კრება, რომელსაც 430 დელეგატი ესწრებოდა, თბილისში ჩატარდა. 17
სექტემბერს კრებამ კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები მოაწყო. არჩევნებში ორი
კანდიდატი - ეპისკოპოსი კირიონი და ეპისკოპოსი ლეონიდე მონაწილეობდნენ.
ფარული კენჭისყრის შედეგად, 11 ხმის უპირატესობით გამარჯვება კირიონმა
მოიპოვა.
გოჩა საითიძე (ისტორიკოსი): "საეკლეისო კრების შემდეგ, კირიონსა და
ლეონიდეს შორის ერთგვარი ბზარი გაჩნდა. ლეონიდე დარწმუნებული იყო, რომ
საეკლესიო კრება კათალიკოს-პატრიარქად მას აირჩევდა. მისი აზრით, მას
ეკუთვნოდა ეს რადგან, 12 მარტს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა მან
გამოაცხადა. ლეონიდე იყო ავტოკეფალიისთვის მთავარი მებრძოლი ყველაზე
გადამწყვეტ - 1917 წელს. კირიონი კი ამ დროს რუსეთში, ვიტებსკისა და
პოლოცკის ეპარქიაში იმყოფებოდა. იყო ავად. იგი მხოლოდ აგვისტოში,
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაბრუნდა საქართველოში და კათალიკოსად
აირჩიეს. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში გარკვეული ადამიანური ფაქტორი,
წყენა ექნებოდა ლეონიდეს. მას უსამართლობის განცდა ჰქონდა."
არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის ტაძარში
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის კირიონ II-ს
აღსაყდრება მოხდა. მსახურების დასრულებისას, უცნობმა პირმა კირიონს წერილი
გადასცა. პატრიარქს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ აფრთხილებდნენ.
დაქირავებული მკვლელი მას ტაძრის ეზოში ელოდა. კირიონის დაცვა ათამდე
შეიარაღებულმა პირმა ითავა. იმ დღეს პატრიარქი ეკლესიიდან უვნებელი
გამოიყვანეს.
რუსული კვალის პარალელურად, პატრიარქის მკვლელობის სხვა ვერსიაზეც
საუბრობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, კირიონი საქართველოს ეკლესიაში და ზოგადად
ქვეყანაში არსებულმა დაპირისპირებამ შეიწირა. კათალიკოს-პატრიარქის
წინააღმდეგ ბრალდებების წამოყენება და შეურაცხყოფა მისი აღსაყდრებისთანავე
დაიწყო. კირიონ მეორეს ებრძოდნენ როგორც პიროვნული თვისებების, ასევე იმ
პოლიტიკის გამო, რომელსაც იგი ატარებდა.
პატრიარქის წინაშე რთული ამოცანა იდგა. 106 წლიანმა წყვეტამ საქართველოს
ეკლესიის მართვა-გამგეობაზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. ეკლესიაში ბევრი რამე
თავიდან მოსაწყობი გახდა. საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია იმ პერიოდში
მოიპოვა, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობისაკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა.
კირიონ II-ს მოქმედება ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და მსოფლიოში
არსებული რეალობის გათვალისწინებით უწევდა. საგარეო პოლიტიკაში კირიონი
საქართველოს ეკლესიისთვის იმ ადგილის დაბრუნებას ცდილობდა, რომელიც მას
ავტოკეფალიის დაკარგვამდე ეკავა. მან წერილი მისწერა კონსტანტინეპოლის
პატრიარქს ბასილ II-ს, რომის პაპს ბენედიქტე XV-ს ყოველთა სომეხთა
კათალიკოს გევორქ V-ს.
პატრიარქის პოლიტიკა ნათლად არის გამოხატული მის შემდეგ სიტყვებში:
"ჩვენი ეკლესია არასოდეს ყოფილა საერთაშორისო ურთიერთობების გამამწვავებელ
იარაღად და ფანატიკოსობის დამყარების მიზეზად. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ
ქართული სახარება, ისრაელების თორა და მაჰმადიანთა ყურანი მშვიდობიანად
თავსდებოდნენ საქართველოში"
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მისმა უწმინდესობამ ნომერ პირველ
საკითხად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო აღიარება
დააყენა. ამისთვის აუცილებელი იყო ტრადიციული, ისტორიული კავშირების
აღდგენა, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიებთან, ასევე არამართლმადიდებელ
კონფესიებთან. ავტოკეფალიის დაკარგვამდე ეს კავშირები საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე გააჩნდა. სწორედ ამ იდეით იყო
ნაკარნახევი კირიონ II-ს წერილები რომის პაპისადმი, ყოველთა სომეხთა
პატრიარქ-კათალიკოსისადმი, აგრეთვე მართლმადიდებელი ეკლესიების
მეთაურებისადმი, სადაც იგი მათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის
გადაწყვეტილებას ამცნობს."
კირიონ II ეკლესიის აღორძინებას შეუდგა. მან შეძლო ძლიერი საკათალიკოსო
საბჭოს შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც სასულიერო პირებთან ერთად საერო
პირებიც შედიოდნენ. საბჭო 12 წევრისგან შედგებოდა. საბჭოს სხდომაზე ხდებოდა
აზრთა ურთიერთგაცვლა, კანონთა შემუშავება, საეკლესიო კრების მომზადება და
დღის წესრიგის განსაზღვრა, საქართველოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობის
წარმართვა სხვა ეკლესიებთან.
გარდა ამისა, კირიონის კათალიკოსობის პერიოდშივე ჩამოყალიბდა
საკათალიკოსო სასამართლო. ბევრი სასულიერო და საერო პირი თვლიდა, რომ მე-19
საუკუნეში რუსული მმართველობის ჟამს, ისეთი ტენდენციები შემოვიდა რაც
ისტორიულად არ იყო დამახასიათებელი საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიისთვის და მიიჩნევდნენ, რომ მთელი რიგი ცვლილებების შეტანა იყო
საჭირო. ეს ეხებოდა არა დოგმატიკის საკითხებს, არამედ სხვა ნაკლებად
მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ სისტემას, რომელიც შეიძლებოდა მართვა-გამგეობაში
ყოფილიყო. კირიონის რეფორმას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა და მომხრეებიც.
მაგალითად, გაზეთ "საქართველოში" კათალიკოსის მიერ ეკლესიის განახლებისკენ
გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებდნენ: თუმცა რეფორმების გამო,
პატრიარქს არც ლანძღვა აკლდა. აღდგენილ ავტოკეფალიას საქართველოს საეკლესიო
სამყარო ორ ბანაკად გაყოფილი შეხვდა. ერთ მხარეს კირიონ II-ს მომხრეები
იყვნენ, საპირისპირო პოზიციაზე კი - თბილელი მიტროპოლიტის, ლეონიდე
ოქროპირიძის თანამოაზრეები. მთავარი ბრძოლა მიმდინარეობდა საკათალიკოსო
საბჭოში, რომელსაც კირიონის ავადმყოფობის გამო, ხშირად ლეონიდე მეთაურობდა.
პატრიარქის გადაწყვეტილება ხშირად წინააღმდეგობას აწყდებოდა. მდგომარეობა
იმდენად დაიძაბა, რომ კათალიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში წირვას
ვერ ატარებდა, რადგან იქ თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე წირავდა. ამის გამო
კირიონ II-ს ღვთისმსახურება ანჩისხატში უწევდა.
კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური
კამპანია წარმოებდა. მთავარ იარაღს სასულიერო ჟურნალი "ახალი სიტყვა"
წარმოადგენდა. გამოცემა, რომელიც ღიად უჭერდა მხარს მიტროპოლიტ ლეონიდეს,
კირიონის კომპრომეტირებისთვის ყველაფერს აკეთებდა. ფსევდონიმს ამოფარებული
ავტორები პატრიარქს ათასგვარ სიბინძურეს აბრალებდნენ: "ჩვენი ეკლესიის
დამოუკიდებლობა იმით დაგვირგვინდა, რომ ეგზარქოსის კარეტით იმის ნაცვლად
კათალიკოსი დასეირნობს თბილისის ქუჩებში... დრო არის კათალიკოზის
თვითნებობას და თავგასულობას ბოლო მოეღოს. მან საკმარისად შეგვარცხვინა
მთელ ქვეყანაზე." (ჟურნალი "ახალი სიტყვა" 1917 წელი)
უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კირიონის საკადრო გადაწყვეტილებების
თაობაზეც. ლეონიდემ პატრიარქის მიერ ჯვრის მონასტრის მღვდელ-მონაზონის
მირიანის არქიმანდრიტად კურთხევა გააპროტესტა. იგივე განმეორდა დიაკონ
ტიმოთე ბაკურაძის მღვდლად კურთხევის შემთხვევაშიც. როგორც ტიმოთე, ასევე
მირიანი კათალიკოსის მხარდამჭერები იყვნენ. ლეონიდემ კირიონის ავადმყოფობით
ისარგებლა და საკათალიკოსო საბჭოზე, რომელსაც იგი დროებით მეთაურობდა,
ორივე სასულიერო პირს მღვდელთმსახურება აუკრძალა. თუმცა, პატრიარქმა
ლეონიდეს განკარგულება გააუქმა. საკადრო დაპირისპირება უკიდურესად
გამწვავდა, როდესაც კირიონმა თბილისის სამიტროპოლიტო კანცელარიის მდივანს
დავით დავიდოვ-დავითაშვილს დაწინაურებაზე უარი უთხრა. დავიდოვი
საკათალიკოსო საბჭოს მდივნობას მოითხოვდა. პატრიარქმა იგი შეუფერებლად
მიიჩნია.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "როგორც ირკვევა, დავით დავიდოვი იყო
მეფის ოხრანკის აგენტი და ეგზარქოსებთან დაახლოებული პირი. შემდეგ როდესაც
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, იგი
დაჟინებით მოითხოვდა მაღალ თანამდებობას - საკათალიკოსო საბჭოს მდივნობას.
კირიონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე არ
შეიძლებოდა. კათალიკოს მხარი წმინდა სინოდის ობერპროკურორმა ჩიტო
კაპანაძემაც დაუჭირა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ეგზარქოსების ჯაშუშის და
აგენტის დანიშვნა საკათალიკოსოს საბჭოს მდივნად ყოვლად დაუშვებელი
იქნებოდა."
განაწყენებული დავიდოვ-დავითაშვილი პატრიარქის მოსაკლავად მის სამუშაო
კაბინეტში ორჯერ შევარდა რევოლვერით. ორივე შემთხვევაში, კირიონ II მორჩილი
გერმოგენის ვაჟკაცობამ იხსნა. ერთ-ერთი ვერსიით, მარტყოფში კირიონი სწორედ
დავიდოვ-დავითაშვილმა მოკლა.
კირიონის მკვლელობის შემთხვევაში გარე და შიდა მტრების ინტერესები
ერთმანეთს დაემთხვა. რუსეთის იმპერიული ძალები ზოგადად საქართველოს
ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და მის მოთავეს ფიზიკურად
უსწორდებოდნენ. შიდა კონფლიქტი კი უფრო იდეოლოგიურ, პიროვნულ და
თანამდებობრივ დაპირისპირებას გულისხმობდა.
ელდარ ბულბულაშვილი (ისტორიკოსი): "კირიონის მკვლელი, სავარაუდოდ,
მასთან დაახლოებული პირი უნდა ყოფილიყო. ეს მოსაზრება იქიდან
გამომდინარეობს, რომ გართულებული ვითარების გამო, კირიონი ბევრს არ
ენდობოდა. იგი ხშირად მუქარის წერილებსაც კი იღებდა. ამიტომ, როგორც ჩანს,
დაკვეთმა მკვლელი, ან თანამოაზრე, კირიონის უახლოეს გარემოცვაში მოძებნა."
კირიონის სიკვდილის შემდეგ, მისმა მოწინააღმდეგეებმა თვითმკვლელობის
ვერსია გაავრცელეს. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გამოძიებით
დადგინდა, რომ ტყვიები, რომელიც კირიონს მოხვდა საწოლთან დაგდებული
იარაღიდან არ იყო ნასროლი. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, რომ ადამიანმა
თვითმკვლელობისას რამდენიმე ტყვია დაიხალოს. კიდევ ერთი დეტალი - 68 წლის
ასაკში კათალიკოსს დამბლა ჰქონდა და მას პირთან ჭიქაც ვერ მიჰქონდა. ასეთ
მდგომარეობაში იგი ჩახმახს უბრალოდ ვერ გამოჰკრავდა.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მკვლელებმა კირიონის
პირადი მდივანი და იკონომისი არქიმანდრიტი ტარასი მოისყიდეს. კათალიკოსის
საძინებელში მოსახვედრად ბოროტმოქმედებს ტარასის ოთახი აუცილებლად უნდა
გაევლოთ. არქიმანდრიტს სწორედ კირიონის წინამდებარე ოთახში ეძინა. თუმცა
ტარასის არც მკვლელების შემოსვლა და არც სროლა გაუგია. სროლის ხმას არც
მონასტერში მცხოვრები ბერები გაუღვიძებია.
საკმარისია თვალი გადავავლოთ კირიონ II-ს ცხოვრებას და მოღვაწეობას, რომ
გასაგები გახდება, თუ რატომ მოიშორეს იგი თავიდან საქართველოს მტრებმა.
კირიონ II - ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი, 1855 წელს გორის მაზრის
სოფელ ქვემო ნიქოზში დაიბადა. კირიონის წინაპრების ხუთი თაობა სასულიერო
პირები იყვნენ, რომლებსაც დიდოელთა და ინგუშთა შორის ქრისტიანობის
გავრცელებაში დიდი წვლილი მიუძღოდათ. მღვდელი იყო მამამისი იერონიმეც.
ბავშვობა გიორგიმ მლეთა-ანანურში გაატარა. სწავლობდა ჯერ ანანურის სამრევლო
სკოლაში, შემდეგ კი გორის სასულიერო სასწავლებელში. როგორც სასულიერო
ოჯახში აღზრდილს, გიორგის თბილისის სასულიერო სემინარიაში უფასოდ სწავლის
უფლება მიეცა. 1876 წელს იგი კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა,
რომელიც ღვთისმეტყველის კანდიდატის ხარისხით დაასრულა.
საქართველოში გიორგი 1883 წელს დაბრუნდა და პედაგოგიური მოღვაწეობა
დაიწყო. ამ პერიოდში იგი ქართლის სოფლებში ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს
აგროვებდა, ზნე-ჩვეულებებს სწავლობდა. მოინახულა შიდა ქართლის თითქმის
ყველა ისტორიული ადგილი და ეკლესია. პრესაში იგი ხშირად აქვეყნებდა
სტატიებს ივერიელის, ნიქოზელის და ლიახველის ფსევდონიმით. წერილები
საქართველოს ისტორიას, საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ეთნოგრაფიას და
ნუმიზმატიკას ეხებოდა.
1896 წელს გიორგი საძაგლიშვილი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი
საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაინიშნა. ინსპექტორად ყოფნის პერიოდში
მან 19 სამრევლო სკოლა დააარსა. ააშენა სკოლები აწერისხევში, ვანათში,
თიანეთში.
1896 წელს გრიპის ეპიდემიამ გიორგი საძაგლიშვილის ცოლ-შვილი შეიწირა.
ამის გამო, იგი ბერად აღიკვეცა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად
დაინიშნა. წინამძღვრობისას კირიონმა თბილისის საეკლესიო მუზეუმს სხვადასხვა
ადგილას მოძიებული 96 უძველესი ხელნაწერი ჩააბარა. მათ შორის იყო XI
საუკუნის სახარება და 1494 წელს გადაწერილი დავითნი. 1898 წლის აგვისტოში
არქიმანდრიტი კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს. ორი წლის შემდეგ კი
მას გორის ეპარქია ჩააბარეს.
კირიონი ყოველთვის ქართულ საქმეს ემსახურებოდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის
90-იან წლებში, როდესაც ქართული ენა იდევნებოდა, მან ქართული სიტყვიერების
ისტორია შეადგინა. რუსეთში მოღვაწეობის პერიოდში კი ქართულ ახალგაზრდობას
უანგარო მატერიალურ დახმარებას უწევდა. კირიონის უანგარო ფინანსური
დახმარებით რუსეთში და ევროპის უმაღლეს სასწავლებელში განათლება 300-მდე
ქართველმა სტუდენტმა მიიღო.
კირიონ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი თანამოაზრეების დევნა დაიწყო.
საკათალიკოსო საბჭოდან გააძევეს კირიონ II-ის ერთგული დეკანოზი ნიკიტა
თალაკვაძე. 27 ივნისიდან ოთხ თვეში - 1918 წლის 18 სექტემბერს პატრიარქის
უახლოესი მეგობარი ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი მოწამლეს. მიტროპოლიტის
სიძემ - რედიგერმა საჭმელში ვერცხლისწყალი აურია. უცნობმა პირებმა საკუთარ
სახლთან სიცოცხლეს გამოასალმეს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე, რომელიც
პროვინციებში კათალიკოს-პატრიარქის საარჩევნო კამპანიას მეთაურობდა. იმავე
პერიოდში მოკლეს არქიმანდრიტი მირიანი.
|