ზეციური ცეცხლი, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის მაცხოვრის საფლავზე შესვლიდან და ლოცვიდან დაახლოებით, ათ წუთში, დაახლოებით 15 სთ 10 წთ გადმოვიდა.
ბერძენი პატრიარქი, სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმაც. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, ზეციურმა ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომელიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლას აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მომლოცველები ელოდებოდნენ.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი სააღდგომო ლიტანიობის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.